04/12/2025
პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წევრის, ნიკა ხაბეიშვილის თქმით, სამტრედიაში ცენტრალური სტადიონის მშენებლობის პროექტი მნიშვნელოვანი და პოზიტიური ინიციატივაა, თუმცა აუცილებელია სრული გამჭვირვალობა, საზოგადოების აქტიური ჩართულობა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მკაცრი კონტროლი ცენტრალური ხელისუფლების მიმართ.
როგორც ნიკა ხაბეიშვილი სოციალურ ქსელი წერს, აუცილებელია მოიძებნოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სარეკრეაციო სივრცე ახალი სტადიონის მშენებლობისთვის, არსებული სტადიონი კი გადაეცეს სამტრედიაში მოქმედ, რთულ პირობებში მყოფ რაგბის კლუბს, რათა კლუბმა შეძლოს ღირსეულ პირობებში ვარჯიში და თამაშების ჩატარება.
ხაბეიშვილი აღნიშნავს, რომ კონტროლის არარსებობის შემთხვევაში, არსებობს რისკი, მშენებლობის პროცესი გაჭიანურდეს და სარეაბილიტაციო სამუშაოები უხარისხოდ შესრულდეს!
ხაბეიშვილის „ფეისბუკ“ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
,,ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი პროექტია სამტრედიისთვის.
სამტრედიაში ფეხბურთის სიყვარული ყველასთვის ცნობილია. ამ კუთხით კახი კალაძის წვლილი ძალიან დიდია - მისი წარმატებული საფეხბურთო კარიერა ბევრ სამტრედიელს მოტივაციასა და სიხარულს აძლევდა, რამაც საფეხბურთო კულტურის გავრცელებასაც უფრო მეტად შეუწყო ხელი.
2012 წელს, როცა კახი კალაძე პოლიტიკაში პირველად გამოჩნდა და სამტრედიის მაჟორიტარი გახდა, ალბათ ძალიან ცოტას წარმოედგინა, რომ 14 წელი გავიდოდა, „ქართული ოცნება“ კვლავ იქნებოდა ხელისუფლებაში, ხოლო სამტრედიას დღემდე არ ექნებოდა თანამედროვე სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი.
დღეს ძალიან გამიხარდა და ძლიერი რწმენა მაქვს, რომ მიმდინარე პროექტი რეალურად განხორციელდება და წარმატებას ვუსურვებ ყველას, ვინც მის განხორციელებაში მიიღებს მონაწილეობას ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელი საქმე გაკეთდება.
რაც შეეხება თავად პროექტის განხორციელებას, ძალიან მინდა, რომ ბოლომდე წარმატებით მივიდეს. მეტ საზოგადოებრივ ჩართულობასაც ვისურვებდი… ამ ეტაპზე დეტალური ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი (მე ვერ ვნახე ვერსად).
მაკეტიდან ჩანს, რომ სტადიონი კვლავ ძველ ადგილას განთავსდება, თუმცა შესაძლოა უკეთესი გამოსავალი ყოფილიყო ახალი მუნიციპალური სივრცის გამოძებნა და არსებული ტერიტორიის სარაგბო გუნდისთვის გადაცემა (როგორც ვიცი, ტერიტორია მუნიციპალურ საკუთრებაშია, ხოლო მინდვრის საფარი ფეხბურთის ფედერაციის მართვაში). საერთო ჯამში, საზოგადოების მეტი ჩართულობა ბევრად უკეთეს შედეგს მოიტანდა.
რაც შეეხება კონტროლს: პროექტს ახორციელებს მუნიციპალური განვითარების ფონდი. სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ინფრასტრუქტურულ პოლიტიკასთან დაკავშირებული კორუფციული რისკების შესახებ უამრავი ფაქტი, ეჭვი და პრეტენზია არსებობს „ოცნების“ მაღალჩინოსნების მიმართ. ამის მაგალითად ბოლო დროს როგორც ქარსელაძესთან დაკავშირებული ფაქტები, ასევე დიდი ჯიხაიშისა და რიონის ხიდთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალებიც საკმარისია, რომ ამ პროექტმა სრულიად სხვა დატვირთვა და სხვა კონტროლი მიიღოს მუნიციპალური ორგანოების მხრიდან. ამიტომ აუცილებელია როგორც პროექტის გამჭვირვალობა, საზოგადოების აქტიური ჩართულობა, ასევე მუნიციპალიტეტის მკაცრი კონტროლი ცენტრალური ხელისუფლების მიმართ, რომ შემდეგ არ მივიღოთ უხარისხო, დროში გაწელილი პროექტი და ვიღაც გამდიდრებული მინისტრის მოადგილე ან მინისტრი.
ვფიქრობ, საინტერესო წინადადებაა თუ ეს შესაძლებელი იქნება და გვიანი არ არის იქნებ მოხდეს განხილვა სხვა მუნიციპალური სივრცის მოძიების და არსებული სივრცით ჩვენი ქალაქის რაგბის გუნდსაც შევუწყობდით ხელს.
კარგი და წარმატებული ბიჭები არიან და იმსახურებენ უკეთეს პირობებს.
არანაირი სხვა მოტივაცია უბრალოდ ქალაქის, მუნიციპალიტეტის დაბალანსებული, ლოგიკური, მრავალმხრივი განვითარების სურვილი.”
ცნობისთვის, უახლოეს პერიოდში დაიწყება ცენტრალური სტადიონის სრული რეაბილიტაცია, რაც ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ისტორიული პროექტია.
სამუშაოები მოიცავს ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საფარის მოწყობას, ტრიბუნების რეკონსტრუქციას, განათების ახალი სისტემის დამონტაჟებას, უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებასა და ყველა იმ აუცილებელი ინფრასტრუქტურული ელემენტის შექმნას, რომელიც საერთაშორისო დონის შეხვედრებისა და სპორტული ღონისძიებების მასპინძლობის შესაძლებლობას უზრუნველყოფს.
რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, სტადიონი 6 300 მაყურებელზე იქნება გათვლილი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქალაქის სპორტულ ინფრასტრუქტურას და ახალ სიცოცხლეს შესძენს სამტრედიაში საფეხბურთო კულტურის განვითარებას.