03/02/2025
ხელისუფლება ყოველთვის აჩვენებს, რომ ურჩევნია საქმე მშვიდობიან ოპოზიციასთან ჰქონდეს. გამოძიების ფედერალური ბიუროს უფრო გვიანდელ ჩანაწერში, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით დაეგზავნა სამართალდამცავ ორგანოებს, შემდეგ კი, პრესაში „გაჟონა“, ნათლად არის ნაჩვენები, თუ ვის მიიჩნევს ხელისუფლება ექსტრემისტად და განეიტრალებისთვის პრიორიტეტულ სამიზნედ.
ინსტრუქციის ძირითადი ნაწილი ეძღვნება აღნიშნულ „ექსტრემისტულ ელემენტებს“ - აქტივისტებს, რომლებიც ტაქტიკების ფართო სპექტრს იყენებენ, და მათ ერთმნიშვნელოვნად გამოყოფენ აქტივისტ-პაციფისტებისგან, რომლებიც სერიოზულ საფრთხედ არ განიხილებიან. ინსტრუქციას თუ დავუჯერებთ, ექსტრემისტი შემდეგი თვისებებით ხასიათდება:
„დემონსტრაციის დროს, ექსტრემისტები შეიძლება, მზად იყვნენ სამართალდამცავებისგან თავის დასაცავად. მათ, ცრემლსადენი გაზის, წიწაკის აეროზოლის ეფექტის მინიმიზაციისთვის ან ვინაობის დასამალად შესაძლოა, გამოიყენონ ნიღბები (აირწინაღი, სათვალე, შარფი, აკვალანგის ნიღაბი, რესპირატორი, მზის სათვალე). ისინი სხეულის დასაცავად იყენებენ ფარს (ურნის თავსახურს, პლასტიკატის ნაჭერს, ავტომობილის საბურავს და ა.შ.) და სხვადასხვა საშუალებას (თერმოტანისამოსი, ჩაფხუტი, სპორტული ეკიპირება, სამაშველო ჟილეტი და ა.შ.). აქტივისტებმა შეიძლება, მიმართონ შანტაჟის ტაქტიკას, როგორიცაა ვიდეო-გადაღება და პოლიციის თანამშრომლების გარშემორტყმა, რათა სხვა დემონსტრანტების დაპატიმრებას ხელი შეუშალონ.
დემონსტრაციის შემდეგ აქტივისტები სამართალდამცავებთან თანამშრომლობას, როგორც წესი თავს არიდებენ. იშვიათია, რომ თან ჰქონდეთ პირადობის დამადასტურებელი რაიმე საბუთი და ხშირად უარს ამბობენ, გაამჟღავნონ ინფორმაცია საკუთარი თავის ან სხვა გამპროტესტებლების შესახებ...
რა სამწუხაროა, რომ „ექსტრემისტობის“ უპირობო ნიშნად მიიჩნევა მზაობა, თავი დაიცვა პოლიციის თავდასხმისგან. რამდენად არიან პასუხისმგებელი პაციფისტები ამგვარი სიტუაციის შექმნაზე? ნებისმიერ შემთხვევაში, განსხვავებული ტაქტიკების მიმდევარი აქტივისტებისგან განდგომით და, მით უმეტეს, მათი ხელისუფლებისთვის გადაცემით, პაციფისტები ამგვარ „ექსტრემისტებს“ სწირავენ რეპრესიებისთვის, რომელთა გატარებაც პოლიციას აშკარად სურს.