28/11/2025
რატომ არის ციფრული და არაციფრული მედია მიმართული ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებისკენ?
ხანდახან როდესაც სოციალურ ქსელებში სიახლეებს გადავხედავ უამრავ ნეგატიურ ინფორმაციას ვაწყდები, რაც მეტ დროს ვატარებ შფოთვაც იმატებს.
ომები, კატასტროფები, ვიღაცის სკანდალი – თითქოს ცუდი ამბები ყველგანაა, და კარგი რაღაცეები სადღაც კუთხეში იმალება. ციფრული მედია თუ ტრადიციული, ორივე თითქოს ნეგატივისკენაა მიმართული. მაგრამ რატომ? ნუთუ სამყაროში კარგი აღარაფერი ხდება? სანამ ამ სტატიას დავწერდი გადავწყვიტე მომეძებნა ინფორმაცია რა ამუშავებს ამ მანქანას?
როგორც ჩანს ყველაფერი ჩვენით იწყება – ადამიანებს თითქოს ბუნებრივად გვიზიდავს ცუდი ამბები. ფსიქოლოგები ამას „უარყოფითი მიკერძოებას“ (negativity bias) ეძახიან. 2001 წელს Rozin-ისა და Royzman-ის კვლევამ, რომელმაც 100-ზე მეტი ექსპერიმენტი გააანალიზა, აჩვენა, რომ ნეგატიური სტიმულები – მაგალითად, საფრთხის შესახებ ამბავი – 30%-ით მეტ ყურადღებას იპყრობს, ვიდრე პოზიტიური, როგორიცაა ბედნიერი მოვლენა (Rozin & Royzman, 2001). ეს იმიტომ, რომ ჩვენი წინაპრებისთვის ცუდი ამბავი გადარჩენას ნიშნავდა – თუ გაიგე, რომ მტაცებელი ახლოსაა, უფრო გადარჩებოდი, ვიდრე იმის ცოდნით, რომ სადღაც ყვავილები ლამაზად ყვავის. მედია ამას იყენებს – ციფრულ გარემოში, სადაც ყურადღება ოქროს ფასი აქვს, ნეგატივი თითქოს მაგნიტივით გვიზიდავს. ხშირად შემიმჩნევია – თუ სათაურშია „კატასტროფა, უბედური შემთხვევა“-, მაშინვე ვაწკაპუნებ, თითქოს, თუ გავიგებ რა მოხდა, რამ გამოიწვია უბედურება , შემდეგ პრევენციას შევძლებ , წინასწარ მზად ყოფნას .
ციფრულ მედიაში ეს კიდევ უფრო ძლიერდება – ალგორითმები ჩვენს გრძნობებზე თამაშობენ. 2014 წელს Facebook-ის ექსპერიმენტმა, რომელმაც 689,000 მომხმარებლის News Feed-ი შეცვალა, აჩვენა, რომ როცა ადამიანებს მეტ ნეგატიურ პოსტს აჩვენებდნენ, ისინი 10%-ით მეტად აქვეყნებდნენ საკუთარ ნეგატიურ განწყობას – თითქოს ნეგატიური განწყობა გადამდებია(Kramer et al., 2014). ეს იმიტომ, რომ პლატფორმები, როგორიცაა facebook თუ YouTube, შექმნილია ისე, რომ ჩართულობა (engagement) გაზარდონ – და ნეგატივი, განსაკუთრებით გაბრაზება, ამას საუკეთესოდ აკეთებს. 2021 წლის კვლევამ, რომელმაც 2.7 მილიონი X პოსტი გააანალიზა, დაადგინა, რომ ნეგატიური შინაარსი 17%-ით მეტად იღებდა რეტვიტებს, ვიდრე პოზიტიური (Vosoughi et al., 2021). როცა ვინმეს ვაკრიტიკებ X-ზე, facebook-ზე(სოციალურ პლათფორმებზე), თითქოს მეტი ყურადღება მხვდება – და ალგორითმი ამას ხედავს, ამიტომ მეტ ცუდ ამბავს გვიგზავნის.
2017 წლის კვლევამ, რომელმაც 1000-ზე მეტი საინფორმაციო სტატია გააანალიზა, აჩვენა, რომ ნეგატიური სათაურები 63%-ით მეტად იზიდავდა მკითხველს, ვიდრე ნეიტრალური ან პოზიტიური (Trussler & Soroka, 2017). ეს კომერციაა – რაც მეტი ადამიანი უყურებს, მით მეტი რეკლამა იყიდება. ციფრულ სამყაროში ეს კიდევ უფრო ძლიერდება, რადგან ყოველი დაწკაპუნება ფულს ნიშნავს. დაკვირვებიხართ? – თუ რაღაც საშინელი ამბავია, თითქმის ავტომატურად ვკითხულობთ, თუნდაც არ გვინდოდეს.
და ბოლოს,ვფიქრობ ჩვენც ვართ „დამნაშავები“. ნეგატივი უფრო მეტ ემოციას გვიღვიძებს – ბრაზს, შიშს, სევდას – და ეს გვაიძულებს, ვუპასუხოთ. როცა რაღაც საშინელს ვხედავთ, თითქოს გვიწევს კომენტარის დაწერა ან გაზიარება – თითქოს ვერ ვჩერდებით. Vosoughi-ის 2021 წლის იგივე კვლევა ამბობს, რომ ნეგატიური პოსტები არა მხოლოდ მეტად ვრცელდება, არამედ 20%-ით უფრო სწრაფადაც – თითქოს ჩვენი ემოციები ცეცხლს ჰგავს, რომელსაც მედია ნავთს ასხამს.
რა ხდება პოზიტიურის დროს? ის ნაკლებად გვაიძულებს, რაღაც გავაკეთოთ – თუ სასიამოვნო ამბავია, გავიღიმებ და გავაგრძელებ დღეს. ციფრული მედია ამას იყენებს – ჩვენი რეაქციები მათი საწვავია.
მოკლედ, ციფრული თუ ტრადიციული მედია ნეგატივისკენ იხრება, რადგან ჩვენი გონება მას ეძებს, ალგორითმები მას აძლიერებენ, ფული მას მოაქვს, და ჩვენც მას ვავრცელებთ.
მაგრამ ხანდახან ღირს გავჩერდეთ და დავფიქრდეთ– ნამდვილად გვჭირდება ამდენი სიბნელე, სიმძიმე? იქნებ მეტი დადებითის გაზიარებით, მეტი გამოხმაურებით პოზიტიურ ინფორმაციაზე ჩევძლოთ შევცვალოთ ალგორითმის ქცევა?
#ციფრულიკეთილდღეობა #ციფრულიბალანსი
#ციფრულიკეთილდღეობასაქართველოში
#ციფრულიჯანმრთელობ