24/10/2025
ნიდერლანდების სამოქალაქო და სამხედრო დაზვერვის თავკაცებმა დაადასტურეს, რომ აშშ ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურთან და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოსთან თანამშრომლობას ზღუდავენ. მათი თქმით, მიზეზად ამ სამსახურების პარტიული ინტერესების სამსახურში ჩადგომა იქცა.
ნიდერლანდების მზვერავები ამიერიდან აშშ-ს უფრო ეჭვით მოეპყრობიანო, განაცხადა პეტერ რეესინკმა, სამხედრო დაზვერვის თავკაცმა. 2018 წელს მიღებული კანონით, ორივე სამსახური ვალდებულია თვალი ადევნოს მათ მიერ გაცვლილი ინფორმაციის დაცვის საიმედოობას ისევე, როგორც პარტნიორი ქვეყნის სამსახურების მიერ კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვას.
პირველი მიმართულებით, აშშ პრეზიდენტ ტრამპის მიერ თავის კერძო რეზიდენციაში საიდუმლო საქაღალდეების გადატანა, ისევე, როგორც აშშ თავდაცვის მდივან პიტერ ჰეგსეთის მიერ დაუცველი არხებით იემენზე დარტყმის დეტალების გაზიარებამ შეაშფოთა თურმე ჰოლანდიელები.
მეორე მხრივ კი, აშშ-ს სამხედრო და სადაზვერვო სტრუქტურებში განხორციელებულმა საკადრო წმენდამ, რომელიც აშკარად პარტიული ნიშნით წარიმართა. ნიდერლანდები აშშ-ს რაში სჭირდებაო, თუ იკითხავთ, გიპასუხებთ, რომ თუნდაც კარიბის ზღვის აუზში - არუბა, კურასაო, ბონერი... - ჰოლანდიელების ყოფნა და გამოცდილება ფრიად მნიშვნელოვანია ვაშინგტონისთვის თანაც მაშინ, როცა ვენესუელასთან ურთიერთობები იძაბება.
ბუნებრივია, სადაზვერვო სამსახურების ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ აშშ-სთან ყოველგვარ თანამშრომლობას წყვეტენ - უბრალოდ საკუთარ ინფორმაციას უფრო მომჭირნედ მოეკიდებიან.