01/09/2025
⭕ გენოციდის მკვლევართა ყველაზე დიდმა აკადემიურმა ასოციაციამ მსოფლიოში (IAGS) მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვით, სამართლებრივი კრიტერიუმებით დასტურდება, რომ ისრაელი ღაზაში გენოციდს სჩადის - ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.
ასოციაციის 500 წევრიდან რეზოლუციას მხარი 86%-მა დაუჭირა. რეზოლუციაში წერია, რომ ისრაელის პოლიტიკამ და ქმედებებმა ღაზაში დააკმაყოფილა გენოციდის სამართლებრივი განსაზღვრება, რომელიც მოცემულია 1948 წლის გაეროს გენოციდის კონვენციის მე-2 მუხლში.
სამგვერდიანი რეზოლუციით მკვლევრები მოუწოდებენ ისრაელს, „დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა ქმედება, რაც წარმოადგენს გენოციდს, ომის დანაშაულებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს პალესტინელების მიმართ ღაზაში, მათ შორის: სამოქალაქო პირებზე, ბავშვებზე. შეწყბიტოს მიზანმიმართული თავდასხმები და მკვლელობები; შიმშილით დასჯა; ჰუმანიტარული დახმარების, წყლის, საწვავისა და მოსახლეობის გადარჩენისთვის აუცილებელი სხვა რესურსების შეზღუდვა; სექსუალური და რეპროდუქციული ძალადობა; მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება“
რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ ჰამასის თავდასხმა ისრაელზე, რომელმაც ომი გამოიწვია, წარმოადგენს საერთაშორისო დანაშაულს.
„ეს არის ერთმნიშვნელოვანი განცხადება გენოციდის კვლევის სფეროს ექსპერტებისგან, რომ რაც ღაზაში ხდება, გენოციდია,“ — განაცხადა ასოციაციის პრეზიდენტმა მელანი ო'ბრაიენმა, რომელიც დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის პროფესორია და სპეციალიზდება გენოციდის საკითხებში.
„ომის დანაშაულების არანაირი გამართლება არ არსებობს, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულების ან გენოციდის ჩადენისთვის - თვითდაცვაც კი არაა გამართლება,“ — დასძინა მან.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს განცხადება შეაფასა, როგორც სამარცხვინო და განაცხადა, რომ ის "სრულად ეფუძნება ჰამასის ტყუილების კამპანიას".