23/09/2025                                                                            
                                    
                                                                            
                                            იტალიაში პროფკავშირების მიერ ორგანიზებული მასშტაბური საყოველთაო გაფიცვა მიმდინარეობს ღაზის მხარდასაჭერად. აქციაში ჩართულია მრავალი სექტორი, მათ შორის რკინიგზა, პორტები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სკოლები და საჯარო სერვისები.
გაფიცულებმა მუშაობა კვირას, 21 სექტემბერს, შუაღამისას შეაჩერეს და აქცია ორშაბათს, საღამოს 11 საათამდე გაგრძელდა.
აქციის ინიციატორი პროფკავშირი USB (Unione Sindacale di Base) ითხოვს „ტერორისტულ სახელმწიფოსთან, ისრაელთან, ურთიერთობების დაუყოვნებლივ გაწყვეტას. ეს არის კონკრეტული გზა, რომლითაც იტალიას შეუძლია და უნდა, უპასუხოს მიმდინარე გენოციდს“.
USB-ის განცხადებით, ორშაბათისთვის 60-ზე მეტი საპროტესტო აქცია დაიგეგმა, რაც, მათი თქმით, „იტალიისთვის უპრეცედენტოა“. აქციები მიმდინარეობდა რომში, მილანში, ბოლონიაში, ნეაპოლსა და გენუაში. დამატებითი დემონსტრაციები და საპროტესტო ჯდომითი აქციები დაიგეგმა ტურინში, ფლორენციაში, ანკონაში, ბარსა და პალერმოში.
ადგილობრივი მედიის ცნობით, გენუასა და ლივორნოს პორტებში პალესტინის მხარდამჭერმა მომიტინგეებმა შეზღუდეს გადაადგილება, რამაც რიგები გამოიწვია. რომში გაუქმდა ან მნიშვნელოვანი შეფერხებით მოძრაობდა რეგიონული მატარებლები, ხოლო მილანში M4 მეტროს ხაზი დაიხურა. ბოლონიაში, სტუდენტებმა უნივერსიტეტის აუდიტორიების შესასვლელების ბლოკირებით შეაჩერეს სასწავლო პროცესი.
„საბაზისო პროფკავშირების კავშირმა“ განაცხადა: „22 სექტემბერს ყველას შეეძლება ქუჩაში გასვლა, რათა შეწყვიტოს ყოველგვარი თანამშრომლობა ისრაელის სახელმწიფოსთან, დაიცვას ღაზა და შეაჩეროს გენოციდი, უარი თქვას შეიარაღების რბოლასა და ომზე, „გლობალური სუმუდის ფლოტილიის“ გვერდით, რომელიც ამ საათებში დაიწყო. დავბლოკოთ ყველაფერი, პალესტინით გულში“.
„გლობალური სუმუდის ფლოტილია“, რომლის შემადგენლობაშიც არიან შვედი კლიმატის აქტივისტი გრეტა ტუნბერგი და „ნოვარა მედიის“ წარმომადგენელი კიერან ანდრიე, ამჟამად ღაზისკენ მიემართება, რათა შეეცადოს ისრაელის მიერ ტერიტორიის უკანონო ბლოკადის გარღვევას. ფლოტილიას გადააქვს აუცილებელი ჰუმანიტარული ტვირთი, მათ შორის ბავშვის საკვები ფორმულა და ფქვილი.