26/04/2024
,,ჩემი დაკვირვებით, ჩვენ გარშემო არის ხალხი, რომელიც განზრახ, ანდაც გაუცნობიერებლად ტოლობის ნიშნის დასმას ცდილობს ევროკავშირსა და რუსეთს შორის. ხშირად გაიგონებთ: "მე ბატონად არც ევროპა მინდა და არც რუსეთი. ჩემთვის მთავარია დავიცვათ ენა, მამული, სარწმუნოება".
ასეთ დროს, თუ გვაქვს რწმენა, რომ ეს ადამიანი ყოველგვარ ღირსებადაკარგული პროპაგანდისტი არაა და შეიძლება მართლა შეტკიოდეს გული ქვეყანისთვის, დაუსვით 3 მარტივი კითხვა: 1. თუ შეგიძლია, დამისახელე ერთი ენა მაინც, რომელიც ევროკავშირში შეავიწროვეს და არ დაიცვეს. 2. დამისახელე ერთი ქვეყანა (მამული) მაინც, რომელიც ძალით შეიყვანეს თავის შემადგენლობაში ან ვინმეს წაართვეს. 3. დამისახელე ერთი რელიგია (სარწმუნოება), რომელიც ევროკავშირმა შეავიწროვა. სამივე ამ კითხვაზე პასუხი ერთია და განსხვავებულს ვერავინ იტყვის - არ არსებობს მსგავსი შემთხვევა.
სანაცვლოდ, თუკი იდენტურ შეკითხვებს რუსეთის შემთხვევაში დავსვამთ, სამივეზე უამრავ პასუხს მივიღებთ, თუმცა შორს რომ აღარ წავიდეთ, სამწუხაროდ, სამივეზე პასუხი აქვეა:
1. ქართული
2. საქართველო
3. ქართული მართლმადიდებლური ეკლესია.
სხვადასხვა დროს რუსეთმა სამივე მათგანის ჩვენთვის წართმევა სცადა და აუცილებლად იმავეს გააკეთებს, როგორც კი შანსი მიეცემა, რადგან ესაა მისი ბუნება და სხვანაირად ვერ იარსებებს.
ჩვენ კი უნდა გვესმოდეს, რომ თუკი ჩვენთვის "ენა, მამული, სარწმუნოება" უმთავრესი ღირებულებებია (და მინდა მჯეროდეს, რომ ბევრი ჩვენგანისთვის მართლა ასეა), ხოლო მათი შენარჩუნება - მთავარი მისია, მაშინ ევროკავშირის წევრობა ნებისმიერ ფასად არათუ აუცილებლობაა, არამედ - ჩვენი თაობის ისტორიული მისიაც.
ვიყენებ ფრაზას "ნებისმიერ ფასად" და ამ სიტყვების სიმძიმის ოდნავადაც არ მეშინია. რადგან ვიცი ბუნება ევროკავშირისა და ევროპული ღირებულებების. აქ არავინაა ბატონი და არავინაა ვასალი. ეს ერთობაა იმ ხალხის, ვინც გარკვეულ წესრიგსა და ფასეულობებზეა შეთანხმებული. ისინი მზად არიან მიიღონ ყველა, ვინც ამ წესრიგს გაიზიარებს. თუმცა რაც ნამდვილად არ სჭირდებათ, ეს არის საეჭვო პოზიციისა და მერყევი პოლიტიკური ორიენტაციის წევრი საკუთარ რიგებში, რომლის მთავრობა ვერ ჩამოყალიბებულა თავის ფასეულობებში.
ჩვენ დღეს ევროპისთვის სტუმარი ვართ, რომლებიც მათ კარზე აკაკუნებს და მათი ოჯახის წევრობას ცდილობს. კარს იქიდან კი გვიკითხავენ საკუთარ წესებს და კომიკურია, იქით ვუმტკიცებდეთ რაიმეს, რადგან ჯერ არ ყოფილა აქამდე სტუმარს მასპინძლისთვის წესები დაეწუნებინა. მით უმეტეს, როცა მასპინძლის წესებს დასაწუნი არც აქვთ რა.
ხოდა თუკი ბედის უკუღმართობით მთავრობაში მოხვედრილმა ჯგუფმა ეს ისტორიული შანსი ევროპისთვის არასასურველი კანონის გამო შეიძლება რისკის ქვეშ დააყენოს, ჰკითხეთ თქვენს თავს - დარწმუნებული ხართ, რომ ამ კანონს თქვენთვის სასიკეთოდ იღებენ? მზად ხართ აიღოთ ამ გადაწყვეტილების სიმძიმე თქვენი შვილების წინაშე? და თუ კი მზად ხართ - ვისთვის და რა ფასად?"
თორნიკე ივაშენკო
#მოგვწერეშენიპოზიცია