07/10/2025
წერილი რომელსაც ხვალ 12 საათიდან გია ყრუაშვილი და მისი შშმ შვილი ლაზარე შევეცდება გადავცეთ ბატონ ბიძინას.
ბატონო ბიძინა,
ვარ ხუთი შვილის მამა, მათ შორის ერთი - ლაზარე, 17 წლის არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და უიშვიათესი დაავადებით (დიუშენის კუნთოვანი დისტროფიიით) არის დაავადებული. 42 წელი ვემსახურე საქართველოს რკინიგზას, ვარ პროფესიონალი რკინიგზელი, გავიარე გზა ზეინკლიდან და მემანქანიდან დაწყებული თანამდებობის პირამდე.
წინა ხელისუფლების დროს ვებრძოდი თბილისის ქუჩებში სააკაშვილის რეჟიმს, და საქართველოს რკინიგზაზე კორუფციას, რის გამოც გამომაგდეს სამსახურიდან. 2012 წელს ახალი იმედებით დავბრუნდი საქართველოს რკინიგზაზე, თუმცა ნელ-ნელა აღმოვაჩინე რომ კორუფციასთან ბრძოლის ნაცვლად რკინიგზის ახალმა ხელმძღვანელობამ ახალი გასაქანი და მასშტაბები მისცა არა მხოლოდ კორუფციის სისტემას, არამედ უშუალოდ იმ კადრებს რომლებიც წინა ხელისუფლების დროიდან მოყოლებული დაკავებული იყვნენ ამ საქმიანობით. გულწრფელად გეტყვით გარკვეულ ეტაპზე შევწყვიტე ამ მანკიერი სენის წინააღმდეგ ბრძოლა ჩემი ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე. ჩემი ხელფასი არ არის მარტო ჩემი ოჯახის რჩენის საშუალება, რეალურად ეს არის ჩემი ლაზარეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ პრაქტიკულად ამ კატეგორიის შშმ პირებისთვის არანაირი სახელმწიფო პროგრამა გათვალისწინებული არ არის.
მიმდინარე წლის 1 აგვისტოს სამსახურიდან გამომაგდეს იმგვარი ცინიზმით რომლის მსგავსი ჩვენს დროშიც კი იშვიათია: ჩემი გათავისუფლების ბრძანებას ხელი მოაწერა რკინიგზის დირექტორთა საბჭომ, რომელშიც არცერთი რკინიგზელი არ არის: დაწყებული კოკა გუნცაძიდან, დამთავრებული დაჩი ცაგურიათი. ეს ადამიანები საჯაროდ ხელისუფლების მიმართ დემონსტრირებენ ლოიალობას, და გარწმუნებთ რომ ამას აკეთებენ არა დღევანდელი ხელისუფლების სიყვარულით ან წინა ხელისუფლების სიძულვილით, არამედ მრავალმილიონიანი ტენდერების და სხვა გარიგებების „გასაპრავებლად“.
განსაკუთრებით ცინიკური იყო კოკა გუნცაძის პასუხი, რომელმაც მითხრა რომ შემეძლო სამსახურში დავრჩენილიყავი, უბრალოდ ერთი უხერხულობა იქნებოდა: ხელფასი აღარ მექნებოდა.
ბატონო ბიძინა,
თუ მიგაჩნიათ რომ მე და ჩემს შვილს როგორც გვექცევა რკინიგზის ხელმძღვანელობა უსამართლობაა, გთხოვთ პირადად ჩაირიეთ ამ საკითხში, ვინაიდან ჩემს განცხადებებს არც რკინიგზის ხელმძღვანელობა , არც ეკონომიკის სამინისტრო , არც ქართული ოცნების ლიდერები, არც პრემიერ-მინისტრი ყურადღებას არ აქცევს;
და თუკი მიგაჩნიათ რომ სამართლიანია 5 შვილის მამის და შშმ პირის ულუკმაპურად დატოვება, მაშინ სხვა გზა აღარ დამრჩენია, ამიღეთ ბილეთი, და მეც შევუერთდები იმ მრავალათასიან არმიას, რომელსაც არსებობის ერთადერთ საშუალებად ემიგრაციაღა დარჩა.
პს: ახლა ამ წუთას ვდგავარ თქვენი რეზიდენციის შესასვლელთან, მინდა შეგხვდეთ, და პირადად გადმოგცეთ ჩემი გულისტკივილი.
პატივისცემით,
„საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელობისა და ჩემივე არჩეული მთავრობის მიერ მოძულებული -
გია ყრუაშვილი