11/05/2026
🟡 საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ.
🟡 კრება სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება და 13:00 საათზე დაიწყება.
🟡საეკლესიო კრებას 1 200-მდე დელეგატი დაესწრება. კრებაზე დაგეგმილია საპატრიარქო ტახტის კანდიდატების სიტყვით გამოსვლები, სიტყვით გამოვლენ ეპარქიებიდან წარმოდგენილი დელეგატებიც. ასევე, ერთ-ერთი მეცნიერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულთან დაკავშირებით გააკეთებს ისტორიულ მიმოხილვას.
🟡ეკლესიის გაფართოებული კრება ნაწილობრივ იქნება პირდაპირ ეთერში. . კერძოდ, პირდაპირ ეთერში გადაიცემა საეკლესიო კრების გახსნა, კენჭისყრის პროცესი, ხმების დათვლის დროს ღონისძიება დაიხურება, ხოლო კენჭისყრის საბოლოო შედეგი პირდაპირ ეთერში გამოცხადდება. კენჭისყრის შედეგს ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე, მეუფე ანანია გამოაცხადებს.
🟡სამების ტაძარში საეკლესიო კრებაზე დასწრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სპეციალური სიებით, რომელიც მართვა-გამგეობის დებულების მიხედვითაა შედგენილი.
🟡ამასთან, აღსანიშნავია, რომ შეზღუდვა არ ვრცელდება ტაძრის ეზოზე, გაფართოებული კრების მიმდინარეობისას საკათედრო ტაძრის ეზოში ნებისმიერ მსურველს შეეძლება შესვლა.
🟡კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობენ მხოლოდ მღვდელმთავრები. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს, ამ შემთხვევაში 20 ხმას.
🟡ვერცერთი კანდიდატი თუ ვერ მიიღებს ხმათა ნახევარზე მეტს, ტარდება ხელმეორე კენჭისყრა. მასში მონაწილეობას მიიღებს ის ორი კანდიდატი, რომელსაც პირველ კენჭისყრაში ხმათა უმრავლესობა ექნება.
🟡28 აპრილს საპატრიარქოში გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე სინოდის წევრებმა პატრიარქობის სამი კანდიდატი შეარჩიეს.
🟡პატრიარქობის კანდიდატები არიან: კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).
🟡პატრიარქობის კანდიდატების შესარჩევი კენჭისყრისას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა – 7-7 ხმა.
🟡საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის წესი განსაზღვრულია საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით, რომელიც 1995 წლის 18-19 სექტემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში გამართულ საქართველოს ეკლესიის მე-13 გაფართოებულ კრებაზე მიიღეს.
🟡ახალი პატრიარქის ინტრონიზაციის თარიღი დღესვე გამოცხადდება. ინტრონიზაციის თარიღის შესახებ გადაწყვეტილებას არჩეული პატრიარქი თავად მიიღებს.
🟡 სრულიად საქართველოს 141-ე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.