26/07/2023
📣 “ახალგაზრდა მუსიკოლოგთა ასოციაცია” მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში - „კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია“ - გაიმარჯვა ჩვენ მიერ წარდგენილმა პროექტმა - “ბოლნისის კლასიკური მუსიკის ფესტივალი” (დამფუძნებლები: გიორგი პაპიაშვილი, ირინა დუმბაძე, მარიამ ჭეიშვილი, ლევან მიქელაძე)
🎶 აღნიშნული პროექტის ფარგლებში ქვემო ქართლში, ქალაქ ბოლნისის სხვადასხვა კულტურულ სივრცეში ჩატარდება კლასიკური მუსიკის ფესტივალი, რომლის ხუთდღიანი პროგრამაც მრავალფეროვანი ღონისძიებებით იქნება დატვირთული. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ზოგადსაგანამანათლებლო და მუსიკალური სკოლების მოსწავლეები, სტუდენტები და ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებლები.
🫶 “ახალგაზრდა მუსიკოლოგთა ასოციაცია” მადლობას უხდის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გამოცხადებული მხარდაჭერისათვის.
კულტურის სამინისტრომ კონკურსის - „კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია“ - გამარჯვებული გამოავლინა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის - „კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია“ - შედეგი გამოაქვეყნა.
სამინისტროს ცხრა განმცხადებელმა მომართა. გამოვლინდა ერთი გამარჯვებული პროექტი:
„ბოლნისის კლასიკური მუსიკის ფესტივალი“, განმახორციელებელი შპს ახალგაზრდა მუსიკოლოგთა ასოციაცია. პროექტით გათვალისწინებულია ქალაქ ბოლნისის სხვადასხვა კულტურულ სივრცეში კლასიკური მუსიკის ხუთდღიანი ფესტივალის ჩატარება; გაიმართება კონცერტები, სემინარები, კონფერენცია, ჩატარდება მასტერკლასები.
კონკურსის მიზანია: კლასიკური მუსიკის მიმართ საზოგადოების ინტერესის გაზრდა და კონცერტებზე ახალი აუდიტორიის მოზიდვა, რისთვისაც ტრადიციული საკონცერტო სივრცეების ნაცვლად ალტერნატიული, განსხვავებული კულტურული გარემო შეირჩევა; ასევე, კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების (კონცერტი ალტერნატიულ სივრცეში, მასტერკლასი, სემინარი, კონფერენცია) მხარდაჭერა; შემოქმედებითი და საგანმანათლებლო პროცესების გააქტიურება; საქართველოს პროფესიონალ მუსიკოსთა, მუსიკოს-შემსრულებელთა, საშემსრულებლო ანსამბლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; ახალგაზრდა თაობის პროფესიული მუსიკალური ხელოვნებით დაინტერესება.
კონკურსი „კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია“ წელს პირველად ჩატარდა. კონკურსის ბიუჯეტი იყო 100 000 ლარი.
2018 წლიდან დღემდე, ამავე შინაარსის პროექტი „კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში“ კონკურსის გარეშე, ე.წ. ექსკლუზივის სახით იღებდა დაფინანსებას და მას სამინისტროს სსიპ კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრი ახორციელებდა. ამისათვის 80-100 000 ლარის ოდენობის ბიუჯეტი გამოიყოფოდა.
2020-2021 წლებში, პანდემიის გამო, პროექტი ვერ განხორციელდა. წელს პროექტის საკონკურსო წესით ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების საფუძველია კულტურის ხელშესაწყობად შემოტანილი პროექტების მაქსიმალურად კონკურსის წესით დაფინანსების პოლიტიკა, რაც შეძლებისდაგვარად მეტ ხელოვანსა თუ სახელოვნებო ორგანიზაციას აძლევს საშუალებას, ისარგებლოს სახელმწიფოს ბიუჯეტით და საინტერესო, სასარგებლო პროექტები განახორციელოს ამა თუ იმ სფეროში, მათ შორის - კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციისთვის.
ამასთანავე, კონკურსის მიზანი - კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია ტრადიციული საკონცერტო სივრცის მიღმა - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებსა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის, ახალგაზრდობისთვის, რომლებიც ზოგჯერ მოკლებულნი არიან კლასიკურ მუსიკასთან ზიარების შესაძლებლობას.