31/01/2024
📢გაავლეთ წითელი ხაზი!
⚠️დაიცავი შენი სიცოცხლის უფლება!
გამარჯობა მე ვარ ასმათ მიქაძე, 53 წლის, ონკო-პაციენტი. ვმუშაობ ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ სიპში. 2018 წელს უამრავი კვლევისა და დიაგნოსტირების შემდეგ დამიდგინდა ძუძუს ავთვისებიანი კიბო, სადინროვანი კარცინომა, მეორე სტადია, საშუალო აგრესიულობის კოეფიციენტით.
ჩემი აქტიური მკურნალობა დაახლოებით 10 თვე გრძელდებოდა და მხოლოდ ჩემი, როგორც პაციენტის დანახარჯი დაახლოებით 40 000 ლარს შეადგენდა. ეს ის თანხაა, რომელიც მხოლოდ საკუთარი სახსრებით გადასახდელი აღმოჩნდა. ჩემი ყოველთვიური ხელფასი კი 800 ლარია.
საყოველთაო დაზღვევამ ოპერაციამდე ორი კვირით ადრე მხოლოდ 295 ლარი ჩამირიცხა. მერიამაც 295 ლარი მაშინ, როცა ოპერაცია 4000 ლარზე მეტი ჯდებოდა. აღმოვჩნდი ფაქტის წინაშე. რა უნდა მექნა? სხვა გზა არ მქონდა- სოციალური ქსელით ვითხოვე დახმარება. ასევე იყო ,,ზარი ახლობელთან“ მაღალ ეშელონებშიც და ასე "მოვაგვარე" ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი. მაგრამ ვისაც არც ფინანსური საშუალება, არც ცოდნა და არც მსგავსი აქტივობების უნარი არა აქვს ის ონკოპაციენტები ხომ, ფაქტობრივად სიკვდილისთვის არიან განწირულნი?!
და სად არის ხელისუფლება ამ დროს?!
ამდენი წლის მერეც თითქმის იგივე სიტუაციაში არიან ონკო-პაციენტები, თუ არ ჩავთვლით იმ რაღაც მწირ დაფინანსებებს, რომელიც ყველასთვის არც არის ცნობილი და არც მისაწვდომი. განსხვავებებია თბილისში და რეგიონში მცხოვრებ პაციენტთა დაფინანსებებს შორის. საშინელი დისკრიმინაციაა, საშინელი! ძვირადღირებული წამლები და კვლევები ისევ არ ფინანსდება, წამლების მიწოდება უგვიანდებათ პაციენტებს და უკვე შორს წასული შედეგების გამო ადამიანები იღუპებიან.
დადგა 2024 წელი და არაფერი შეცვლილა. შეშინებული და გამწარებული პაციენტები მირეკავენ ტელეფონზე, მიკავშირდებიან სოც. ქსელის საშუალებით, რომ ნოემბრის დასაწყისიდან ელოდებიან მედიკამენტების დაფინანსებას, რომ კოდი არ მისდით, რომ ცხელი ხაზი არ პაუხობს, ან პასუხობს და ზუსტ დროს ვერ ეუბნება როდის დაიწყებენ მკურნალობას. ჩვენ კი, ონკო-პაციენტებს ლოდინის დრო არ გვაქვს! დრო ჩვენს სასარგრბლოდ არ მუშაობს! ბევრი ისეთი შემთხვევა ვიცი, დაგვიანებული და შეწყვეტილი მკურნალობის გამო ლეტალურ შედეგებამდე რომ მივედით.
შარშან ხელისუფლება დაგვპირდა, ონკოლოგიური პაციენტებისთვის ყველაფერი უფასო იქნებაო! ვამახვილებ ყურადღებას, ,,უფასო იქნებაო“ ამ ფრაზაზე, რომელსაც განსაკუთრებულად ხმამაღლა აცხადებდნენ ეკრანებიდან. წელს კი დაამატეს ,,25 000 ლარის ფარგლებში“- ო, წარმოგიდგენიათ?! მაშინ როცა ერთი გადასხმა 4 მლ/გრ მედიკამენტი 4 000, 6 000, 15 000 ლარი ღირს და ეს ის მედიკამენტია, რომლითაც მკურნალობის კურსი უნდა ჩაუტარდეს ონკო-პაციენტს და სქემის მიხედვით, მინიმუმ, ექვსი მაინც სჭირდებათ.
ხვდებით რაზე "ვწუწუნებთ" ონკოპაციენტები? სიცოცხლისთვის აუცილებელ მედიკამენტებს ვიხვეწებით.
ძვირადღირებულ მედიკამენტებზე გვითხრეს უფასოდ გაიცემაო და დადეს 13 მედიკამენტის ჩამონათვალი. თუმცა ჯერჯერობით არაფერია ცნობილი, მისცემენ, თუ არა, ან საერთოდ შეისყიდეს თუ არა, ან ჩაჯდება თუ არა ეს მედიკამენტები იმ 25 000 ლარიან ლიმიტში? ასევე დიდი პრობლემაა ასაკობრივი ზღვარიც.
საქართველოდან პაციენტები გარბიან რომ გადარჩნენ, მაგრამ ახლა ხშირად უკან აბრუნებენ ევროპის ქვეყნებიდანაც და როგორც ვიცი ამის მიზეზი ისევ საქართველოს ხელისუფლებაა. მაგალითად, გერმანიის მთავრობასთან მოხდა შეთანხმება და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა მოითხოვა, დაუყოვნებლივ დააბრუნონ უკან ის ადამიანები, ვინც ავადმყოფობის გამო ითხოვენ თავშესაფარს, რადგან ქრონიკული დაავადებების, მათ შორის ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა საქართველოში უფასოაო... მაშინ, როცა ჩვენს ქვეყანაში ელემენტარული მედიკამენტის- არიმედექსის დაფინანსება ნოემბრის მერე შეჩერებულია!
რომელ სრულფასოვან მკურნალობას ჰპირდება გომელაური ონკოპაციენტებს ნეტა?
ვინმე გაგვცემს ამ კითხვაზე პასუხს?
მეგობარი მყავს ონკო-პაციენტი, საკვერცხის კიბოთი, მესამე სტადია აქვს მეტასტაზური. ოპერაციის საჭიროება როცა დაუდგა, პაციენტს საყოველთაო დაზღვევამ უთხრა, ყველა ორგანოზე ცალ-ცალკე უნდა გაკეთდეს ოპერაციაო. ანუ სამ ორგანოზე, სამჯერ უნდა გაჭრილიყო პაციენტი, სხვა შემთხვევაში მხოლოდ ერთი ოპერაციის ჭრილობის ფულს გადავიხდითო...წარმოგიდგენიათ?! ჩემი მეგობარი იძულებული გახდა ეპოვა ისეთი კლინიკა, რომელიც არ იყო საყოველთაო დაზღვევის სისტემაში ჩართული და ერთი ჭრილობით გაიკეთა სამმაგი ოპერაცია, თუმცა ძალიან დიდი თანხის გადაიხადა მოუწია... და რამდენი ასეთი შემთხვევა, რომელი ერთი გავიხსენო?
ყოველივე ეს კი გვაიძულებს ონკოპაციენტები ქუჩაში დავდგეთ და ყურადღება მივიქციოთ, რადგან ხელისუფლება პროტესტის გამომხატველი ადამიანების თავების დათვლის რეჟიმშია და რეალური პრობლემები ფეხებზე ჰკიდია.
სწორედ ამიტომ,ონკოპაციენტები და მათი მხარდამჭერები 4 თებერვალს, პარლამენტის წინ ვიკრიბებით, რათა გავაგონოთ ჩვენი ხმა ხელისუფლებას,
რომ წავიდა ფუჭი დაპირებების მოსმენის დრო!
გაუქმდეს 25 000 ლარიანი ლიმიტი ონკოპაციენტებზე და საჭიროებების მიხედვით გაიწეროს თანხა!
რადგან ჩვენ არ გვაქვს დრო ლოდინისათვის და
ჩვენ გვაქვს სიცოცხლის უფლება!
#გაავლეწითელიხაზი
#ჩვენგვაქვსსიცოცლისუფლება