10/03/2021
დემოკრატია, ანუ ხალხის მმართველობა არსებობს მხოლოდ იმ პირობებში, თუ ამ ხალხს და, რაც მთავარია, ამ ხალხის წიაღში ყველას, ცალკეულ ინდივიდს უზრუნველყოფილი აქვს ყველაზე მთავარი რამ – ეს არის ის, რომ ადამიანს შეუძლია იყოს მესაკუთრე, თუკი ადამიანს შეუძლია თავისუფალი კონკურენციის პირობებში მიაღწიოს ეკონიმიკურ წარმატებას, გაზარდოს თავისი დოვლათი. სწორედ ეს არის სმითის ერთ-ერთი ყველაზე გენიალური ფორმულა, რომელიც მან მეთვრამეტე საუკუნეში დადო, და იგი მუდამ იქნება განმსაზღვრელი კონცეფცია ყველასთვის. სახელმწიფო ძლიერდება მაშინ, როცა ადამიანები ზრუნავენ თავიანთ საკუთარ კეთილდღეობაზე. არ უნდა ეცადო, რომ ადამიანისგან შექმნა რაღაცა ისეთი წარმონაქმნი, რასაც ცდილობდნენ, მაგალითად, კომუნისტები, და რაც მთლიანად ეწინააღმდეგება ადამიანურ ინსტიქტებს. ადამიანში, პირიქით, გასაქანი უნდა მისცე იმ ინსტიქტს, რომელიც ყველაში დევს, რათა მან მიაღწიოს თავის პირად წარმატებას. მაგრამ ეს უნდა მოაქციო იმგვარ კალაპოტში, რომ ეს საზოგადოების სიკეთეს ემსახურებოდეს, რომ თითოეული თქვენგანის ლტოლვა გახდეს ძლიერი, წარმატებული, მდიდარი, და ის გაძლევდეთ თქვენ შედეგს არა მხოლოდ ინდივიდუალურად, არამედ საზოგადოების იმ ერთობლიობასაც, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ. ეს არის ის, რაც უდევს საფუძვლად თანამედროვე საბაზრო ეკონომიკას, რის გარეშეც აბსოლიტურად გამორიცხულია დემოკრატიის არსებობა, რის გარეშეც ნებისმიერი დემოკრატია იქნება პროფანაცია, ვინაიდან დემოკრატია – ეს არის თავისუფალი ადამიანების საკრებულო, საზოგადოებისა და ადამიანის თავისუფლების ერთ-ერთი განმსაზღვრელი გახლავთ სწორედ ის თავისუფლება, რომ თქვენ განახორციელოთ სამეწარმეო საქმიანობა და, რაც მთავარია, იყოთ მესაკუთრე. თავისუფალი საბაზრო ურთიერთობები, გულისხმობს აგრეთვე, იმას, რომ ეკონომიკური ცხოვრების ნებისმიერ სფეროში უზრუნველყოფილი უნდა იყოს თავისუფალი კონკურენცია. სხვადასხვა სახელმწიფოში სხვადასხვა დროს იმის გათვალისწინებით, რომ იქ, დავუშვათ, უფრო დიდი იყო მემარცხენე იდეების გავლენა, ვიდრე, ვთქვათ, მონეტარული და ლიბერალური ეკონომიკური იდეებისა. სახელმწიფო სხვადასხვა მოცულობით ერევა ეკონომიკურ პროცესებში. გადასახადი შეიძლება იყოს მაღალი ან დაბალი. არსებობს, დავუშვათ, შვედური მოდელი, არსებობს იგივე ამერიკული მოდელი, არსებობს გერმანული მოდელი და ა. შ. ამას არა აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერ შემთხვევაში, როგორიც არ უნდა იყოს საგადასახადო სისტემა, საპენსიო სისტემა, დაზღვევის სისტემა, საფუძველთა საფუძველი არის ყოველთვის ის, რომ არსებობდეს თავისუფალი კონკურენციის პირობები და ის განსაზღვრული წესები, რომელიც ერთნაირია ყველასათვის.
ზურაბ ჟვანია პატივცემულო მკითხველო, თქვენ წინაშეა ზურაბ ჟვანიას ლექციების კურსი, რომელიც წაკითხულ იქნა საქართვ...