31/05/2019
საფესტივალო ფასი: 6 ლარი
👀 მოგვძებნეთ აგორას სტენდთან
ახილ შარმას ოჯახური ცხოვრება პირველად 2014 წელს დაიბეჭდა. წიგნის გამოსვლასთან დაკავშირებით ავტორმა შემდეგი განაცხადი გააკეთა: „თორმეტნახევარი წლის მანძილზე შვიდი ათასი გვერდი დავწერე, რის შედეგადაც ამ კვირაში გამოვეცი წიგნი, რომელიც 224 გვერდისგან შედგება“. წერის თითქმის 13 წლიანი პროცესი მან ქვების ღეჭვას შეადარა. თუმცა ავტორის შრომა დაუფასებელი არ დარჩენილა. ოჯახური ცხოვრება იმავე წელს დასახელდა წლის საუკეთესო 10 წიგნს შორის New York Times Book Review და New York Magazine-ს მიერ.
2015 წელს წიგნმა გაიმარჯვა და მიიღო Folio Prize for Fiction (2015).
2016 წელს გახდა ნომინანტი DSC Prize for South Asian Literature 2016-ის შორთლისტში და ამავე წელს მოიპოვა ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო International Dublin Literary Award 2016.
უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახური ცხოვრება International Dublin Literary Award-ის ჟიურიმ 43 ქვეყნის 118 ქალაქის ბიბლიოთეკების მიერ წარდგენილ 160 კანდიდატს შორის აარჩია. ახილ შარმა International Dublin Literary Award-ის 21-წლიანი ისტორიის მანძილზე მესამე ამერიკელი ავტორი გახდა, რომელსაც ეს ჯილდო ერგო.
რომანი ავტობიოგრაფიულია. ავტორი იმდენად გულახდილად ყვება საკუთარი ოჯახის ამბავს, რომ წიგნის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ერჩივნა, მის მშობლებს ეს ნაწარმოები არ წაეკითხათ.
რომანი გვიყვება ერთი ინდური ოჯახის ამბავს, რომელიც უკეთესი ცხოვრების ძიებაში ამერიკაში გადასახლდა. თხრობა პირველ პირში მიმდინარეობს და ოჯახის უმცროსი ვაჟი, აჯაი ყვება საკუთარი ოჯახის სევდიან თავგადასავალს.
ბავშვის თვალით დანახული და აღქმული გადასახლება, ახალ გარემოსთან და უცხო ქვეყანასთან ადაპტაცია, მოზარდის ზრდისა და სამყაროს შეცნობა-აღქმის საინტერესო პროცესი, რასაც თან ერთვის უფროსი ძმის, განსაკუთრებულად ნიჭიერი 14 წლის ბიჭის უბედური შემთხვევა, რის შედეგადაც ბრწყინვალე გონების პატრონი ტვინის დაზიანებს ღებულობს და სამუდამოდ კარგავს ლაპარაკის და სიარულის უნარს. მასზე ზრუნვისა და თავსდატეხილი ტრაგედიის სიმძიმე ოჯახს წელში წყვეტს.
რომანის მთავარი თემა ოჯახის სიყვარული, ერთმანეთის გვერდში დგომაა. ავტორმა წიგნი საკუთარი ოჯახის უკვდავყოფას, განსაკუთრებით კი თავის ძმას მიუძღვნა.
ავტორი ინტერვიუებში აღნიშნავს იმ ტექნიკურ სირთულეებს, რასაც წერის პროცესში გადააწყდა. თუმცა საბოლოოდ შეძლო, რომ მძიმე ამბავი მსუბუქი, ბავშვური ენით მოეთხრო და დაიმსახურა კიდეც როგორც მკითხველების, ასევე კრიტიკოსების მოწონება და აღიარება.