06/08/2024
გერმანიაში ჟურნალ „Der Kaukasus. Völker – Sprachen – Kulturen“-ში (Bd. 2. 2024) („კავკასია. ხალხი — ენები — კულტურები“, ტომი 2. ) დაიბეჭდა ჟურნალ „დისკუსიის“ ვრცელი მიმოხილვა ფოტომასალებით სათაურით „Die neue Zeitschrift „D i s í u s i a“ Sozialwissenschaftliches J o u r n a l (ახალი საზოგადოებრივ-სამეცნიერო ჟურნალი „დისკუსია“ საქართველოს რეგიონალური კულტურის დიდი შენაძენი მარინა დამენიას რედაქტორობით.
გთავაზობთ ამ ჟურნალის ქართულ თარგმანს.
ჟურნალის ამ უბრალო დასახელების უკან, რომლის მნიშვნელობა გერმანული შესატყვისისაგან არ განსხვავდება, დგას ზუგდიდში მცხოვრები ჟურნალისტის მარინე დამენიას უსაზღვრო შრომა. ჟურნალი მიზნად ისახავს მივიწყებული რეგიონული კულტურის სიმდიდრეების „სადისკუსიოდ გამოტანას“. წინა პლანზე დგას სამეგრელოს თემატიკის საზოგადოებრივ-სამეცნიერო განხილვა, ამით ჟურნალი გამოირჩევა თემატიკის მრავალფეროვნებით, რისთვისაც მარინე დამენიამ უამრავი ავტორი სათანამშრომლოდ მოიზიდა.
ზუგდიდში გამომავალი ამ ჟურნალის თემატიკას უფრო ქართული უნივერსიტეტის სამეცნიერო პროექტის ფარგლებს შეეფერება. მე ჯერ კიდევ 2000 წელს ქუთაისში გამართულ ქართველოლოგიურ კონფერენციაზე მოვითხოვე, მეტი ყურადღება დაეთმოს მეგრული და ლაზური კულტურების შესწავლას. ჟურნალმა „დისკუსია“ ამ თვალსაზრისით პირველი ნაბიჯი გადადგა და გამოაქვეყნა სტატია 1930-იან წლებში გამომავალი `ყაზახიში გაზეთი~ — გლეხობის გაზეთი.
საქართველოს ასეთი მდიდარი რეგიონული კულტურის მეცნიერული შესწავლა ადგილობრივი ინსტიტუტების პრეროგატივაა, მაგრამ მსგავსი დაწესებულებები დღემდე არ არსებობს. მარინე დამენიას ინიციატივა თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ სამეგრელოში დიდ ინტერესს იჩენენ რეგიონული კულტურის, ენის და ეთნოლოგიის მიმართ, უთვალავი ფრიად განათლებული მეცნიერ-მუშაკი მზადაა აქტიური მონაწილეობა მიიღოს მარინე დამენიას მიერ დაარსებული ჟურნალის „დისკუსია“ საქმიანობაში.
გასაოცარია ჟურნალისტ მარინე დამენიას საქმიანობა, რომელმაც ასევე დააარსა ზუგდიდში მედიამუზეუმი. არსებული ლინგვისტური პუბლიკაციებისაგან განსხვავებით, რომლებიც ფინანსდება სახელმწიფო, საგანმანათლებლო და საეკლესიო ფონდების მიერ, და რომლებითაც მხოლოდ რამდენიმე მკვლევარი თუ ინტერესდება, ჟურნალი „დისკუსია“ არ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, (პ.ს. ფინანსდება რედაქტორის — მარინე დამენიას — მიერ. მ.დ.) ეს კი ფრიად გაუგებარია იმ მიზეზის გამო, რომ ჟურნალს ისეთი მრავალფეროვანი თემატიკა გააჩნია, რომელსაც ნამდვილად დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში.
ჟურნალი „დისკუსია“ გამოდის მცირე ტირაჟით A4 ფორმატში ფერადი გარეკანით. ტექსტი განლაგებულია ერთ ან ორ სვეტად, შთამბეჭდავად, გაფორმებულია ნაწილობრივ უცნობი შავ-თეთრი სურათებით. სტატიების უმეტესობა მთავრდება შესაბამისი ავტორის სურათით და პროფესიის მითითებით. ინიციალებს ტექსტის დასაწყისში და სპეციფიკურ კიდეს ყოველი გვერდის ბოლოს ჟურნალის წაკითხვის განსაკუთრებულ ხასიათზე მოჰყავს მკითხველი.
აქამდე სულ ოთხჯერ გამოიცა ჟურნალი „დისკუსია“, სულ შვიდი ნომრით, ერთი ნომერი გამოქვეყნების პროცესშია. ჟურნალმა ზუგდიდში მაშინვე მიიქცია ჩემი ყურადღება, ვინაიდან მე უკვე წლების განმავლობაში გერმანიაში დასაქმებული ვარ სამეგრელოს ისტორიით, ენითა და ეთნოლოგიით და დიდი ინტერესით ვაანალიზებ მდიდარ რეგიონულ კულტურას. ჩემი გამოკვლევები 2007 წელს გამოიცა სათაურით „კოლხეთის ენობრივი სიმდიდრე. მეგრული და ლაზური ენების და კულტურების ანალიზი“.
ჟურნალის „დისკუსია“ თემატიკა იმდენად მნიშვნელოვანი და ყოვლისმომცველია, რომ ჩემი ეს სტატია უკვე არსებული ნომრების შესახებ 2024 წელს გერმანულად გამოქვეყნდება ჟურნალში „კავკასია. ხალხი — ენები — კულტურები“, ტომი 2. („Der Kaukasus. Völker – Sprachen – Kulturen“ Bd. 2. 2024)
აქვე უნდა აღვნიშნო, რომ გამაცნეს კიდევ ერთი ჟურნალი, „აია“, რომელსაც წლების განმავლობაში რედაქტორობს გიორგი სიჭინავა და რომელიც ასევე ეხება სამეგრელოს კულტურას. განსაკუთრებულ შეფასებას იმსახურებს სიჭინავას ძალისხმევა მეგრული ენის პოპულარიზაციისთვის. მისი ვრცელი ლიტერატურული შემოქმედება, რა თქმა უნდა, შთაგონებად იქცა მეგრული ენის მეგობრებისთვის.
ახლა კი მინდა მოკლედ განვიხილო სტატიები ჟურნალიდან „დისკუსია“, კერძოდ მისი ოთხი გამოცემა, რომლებიც, რა თქმა უნდა, პირადი ინტერესებიდან გამომდინარეა შერჩეული.
როგორც ამას ქართული ენის სამეცნიერო მნიშვნელობის პატივისცემა მოითხოვს, ჩემს გერმანულ სტატიაში სათაურები, ტოპონიმები და ავტორის სახელები ორიგინალ ენაზეა მოყვანილი. იმ მკითხველისათვის, რომელიც არ იცნობს ქართულ ანბანს, მათ თან ერთვის ლათინური ანბანი, რომელიც ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი ტრანსლიტერაცია. ლაზური ანბანი, რომელიც შემოიღეს 1985 წელს, ასო-ასო შეესაბამება ქართულის ბგერას თან ამავდროულად სათაურებს ახლავს თარგმანი გერმანულად. უცხოელი მკითხველებისათვის, რომლებიც არ იცნობენ ქართულ ანბანს, ტექსტში გამოყენებულია ლაზური ანბანი, რომელიც არსებული ტრანსლიტერაციებისაგან გამოირჩევა სიმარტივით. 1985 წელს დანერგილი ლაზური ანბანის თითოეული ასო ზუსტად შეესაბამება ქართულ ფონეტიკას (იგულისხმება გერმანული სტატია, მ.დ.)...
2019 წლის მაისში კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე გამოსულ ამ ჟურნალს თავდაპირველად მხოლოდ ათი ავტორი ჰყავდა. იმ დროს ზუგდიდში ვიყავი და ჟურნალის თემატიკამ იმდენად გამაოცა და ამავე დროს დამაინტერესა, რომ მაშინვე გადავწყვიტე შეძლებისდაგვარად დავხმარებოდი ამ სამეცნიერო პროექტს. აქ ღიად განიხილება თემები, რომლებსაც ზოგი მეცნიერი გარკვეული მიზეზების გამო გვერდს უვლის. ახლა კი მიმოვიხილავ ჩემს მიერ შერჩეულ სტატიებს ამ პირველი ნომრიდან.
აქ პირველად ქართულ ენაზე ქვეყნდება ინფორმაცია კაკა ჟვანიას შესახებ. მისი შემოქმედების მწვერვალი, ეროვნული ეპოსის „ვეფხისტყაოსნის“ დიდი ოსტატობით შესრულებული თარგმანი მეგრულ ენაზე, მისი დაცინვისა და ცილისწამების მიზეზი გახდა. ჟვანიას უარი განუცხადეს თარგმანის გამოქვეყნებაზე და ის ვრცელდებოდა ჰექტოგრაფიულად, ასლების სახით. ჟვანიას შესახებ სტატიის ავტორიც ჟურნალის რედაქტორი მარინე დამენიაა. გვ.: 6.
ზუგდიდში მარინე დამენიას მიერ დაარსებულ მედიამუზეუმს დიდი რაოდენობით გააჩნია ყოველდღიური `ყაზაყიში გაზეთის~, ანუ გლეხთა გაზეთის (პ.ს. გერმანულ თარგმანში ასე იგულისხმება. მ.დ.) ნომრები, რომლებიც გამოდიოდა 1930 წლიდან 1935 წლამდე. 1935 წლიდან მან უბრალოდ შეიცვალა სახელი და დაერქვა „კომუნარი“. მედიამუზეუმში ინახება „ყაზაყიშ გაზეთის“ პირველი ნომერიც, რომელსაც სხვაგან საქართველოში ვერსად ნახავთ. ქართველი მკითხველი პირველად გაიგებს ქალბატონი დამენიასაგან ცნობებს ამ გაზეთის და მისი დამფუძნებლის, ისაკ ჟვანიას შესახებ.
1929 წლის ბოლოს საქართველოს კომპარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა ოფიციალურად გამოაცხადა მეგრული ენის ავტონომია, რაც მრავალი ათწლეული გასაიდუმლოებული იყო. ამ თვალსაზრისით ჟურნალი „დისკუსია“ ამზადებს ღია დიალოგს, რომელსაც დიდი ხნის წინ უნდა დაწყებულიყო. გვ.: 33-42.
ამჟამად ჟვანიას გარდაცვალების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არსებობს. ის არ მომკვდარა 1949 წელს, როგორც ეს შეცდომითაა აღნიშნული ქართულ ენციკლოპედიაში, რომელიც ასევე არაფერს ამბობს მისი იმდროინდელი მოღვაწეობის შესახებ ზუგდიდში. ის სინამდვილეში გახდა დიდი ტერორის მსხვერპლი 1937 წლის დეკემბრის ბოლოს. მისი საქმე განიხილა ავბედითმა `ტროიკამ~ და მას არალეგალური ტროცკისტობა წაუყენა ბრალად. გვ.: 42.
სამურზაყანო გეოგრაფიულად აფხაზეთს ეკუთვნის, ეთნიკურად კი სამეგრელოს. ავტორის, მზისადარ ჭაფანძის სტატიაში „სამურზაყანოს ეკლესიები XIX-XX საუკუნეში“ იხილავთ დასავლეთში ნაკლებად ცნობილი ამ მხარის რელიგიურ-ისტორიულ მიმოხილვას. გვ.: 46-48.
ფრიად საინტერესოა მეცნიერ ნანა აბულაძის სტატია მეგრული ეთნოლოგიის შესახებ „ნიშნობის სიმბოლიკა მეგრულ ენაში“. გვ.: 51-56.
მეორე გამოცემაში გაიზარდა ავტორთა რაოდენობა, ამავე დროს ჟურნალის გვერდების რაოდენობა 110-მე გაიზარდა. მოკლედ მოგახსენებთ პირადად ჩემთვის ყველაზე საინტერესო თემების შესახებ.
მე თვითონ ვიცნობ ჩხოროწყუს ქალაქის მუზეუმს, რომელსაც რამდენიმეჯერ ვესტუმრე და დღემდე მადლიერების გრძნობით ვიხსენებ იქ მეგობრულ მიღებას. ამდენად განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს დირექტორის მოადგილის ზაურ ჯალაღონიას სტატია სათაურით „ჩხოროწყუს ისტორიული მუნიციპალიტეტების შესახებ“, რომელშიც აღწერილია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუზეუმი. გვ.: 23-27.
ავტორი მოგვითხრობს იმ ცნობილი პიროვნებების საქმიანობას, რომლებმაც შექმნეს მუზეუმი. მუზეუმის ინვენტარი ასევე მნიშვნელოვანია ეთნოლოგიური თვალსაზრისით. როგორც ჩანს, მეგრულენოვანი „ყაზაყის გაზეთის~ მრავალი საინტერესო სტატიის ავტორმა, მამანტი კვირტიამ, შემდგომში დიდი წვლილი შეიტანა მუზეუმის საქმიანობაში.
ეს მუზეუმი ერთადერთი ადგილია საქართველოში, სადაც წარმოდგენილია მეგრული ენის ავტონომიის პერიოდის ექსპონატები. 1990 წლის ზაფხულში ლონდონში გამართულ კავკასიურ კოლოკვიუმზე შვედმა მეცნიერმა იოაკიმ ენვალმა მოხსენება გააკეთა მუზეუმის არქივში ნანახი `ყაზაყიშ გაზეთის~ შესახებ. ასე გავრცელდა ევროპაში ამბავი მეგრული სამწერლობო ენის ეპოქის შესახებ.
სტატიაში „მედიამუზეუმი ხუთი წლისაა“ მარინე დამენია აღწერს მედიის მუზეუმს, რომელიც დაარსდა ხუთი წლის წინ და მიუთითებს იქ არსებული გაზეთების ზოგიერთ ფონდზე. სტატია ილუსტრირებულია ფოტოებით. გვ.: 29-31.
მეგრულენოვანი გაზეთების ფონდზე დაყრდნობით დამენია ასევე მოგვითხრობს გამოცემაზე „მოხანდეში ხონარი“ — მშრომელთა ხმა, რომელშიც გვხვდება საკმაოდ დიდი ნაწყვეტები ტექსტიდან მეგრულ ენაზე. ეს არის ამ გაზეთის პირველი მიმოხილვა საქართველოში! გვ.: 32-34.
მეცნიერებმა რევაზ პაპუაშვილმა და მერაბ ქვაჩახიამ დაწერეს ძალიან ვრცელი მოხსენება „ახალი არქეოლოგიური აღმოჩენები ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში“. გვ.: 45-70.
ნანა აბულაძეს ეკუთვნის საინტერესო სტატია ეთნოლოგიაზე, სადაც ავტორი ერთმანეთს მეგრულ წეს-ჩვეულებებს ადარებს ფშაველებისა და ხევსურულების წეს-ჩვეულებებს: „გინოძირაფა ანუ საცოლის გასინჯვა (შავ-ხევსურული გაკვლევა) და მეგრული ზეპირსიტყვიერება“. ნაშრომი ნაწილობრივ დაფუძნებულია საარქივო კვლევებზე და ხელს უწყობს შემდგომ კვლევებს ვრცელი ბიბლიოგრაფიის საშუალებით. გვ.:71-83.
ჟურნალის მესამე გამოცემა 120 გვერდს მოიცავს და მასში ძირითადად პოლიტიკური თემებია განხილული.
1924 წლის აჯანყება თითქმის უცნობია საქართველოს ფარგლებს გარეთ. იმდროინდელ მოვლენებზე მოგვითხრობს ლევან ჯიქია სტატიაში „წალენჯიხა 1924 წლის აჯანყების დროს“. გვ.: 17-28. აქ ნახავთ აჯანყებულთა ერთი ნაწილის სურათს, რომელზეც ასევე აღბეჭდილია დანიელ ფიფია. ისტორიკოსმა ჯიქიამ ამ უჩვეულო დოკუმენტაციისათვის დეტალურად შეისწავლა ისტორიული წყაროები.
ასევე ძალიან ღირებული ნამუშევარი გამოაქვეყნა გოგიტა ჩიტაიამ სათაურით: „ხობის მონასტერი მე-19 საუკუნის მეორე ნახევრისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის პერიოდულ გამოცემებში“. გვ.: 36-41.
ავტორმა ადრეულ გაზეთებში აღმოაჩინა 15 ცნობა მონასტრის შესახებ. უძველესი 1853 წლით თარიღდება და გამოქვეყნდა რუსულენოვან ყოველდღიურ გაზეთში „კავკაზი“. 1923 წელს სახელმწიფოს მიერ დაწესებული ანტირელიგიური პროპაგანდა ხობის მონასტერსაც კი დაუპირისპირდა.
მედიამუზეუმში ასევე ინახება გაზეთის „ამხანაგი“ ეგზემპლარები. მარინე დამენია აღწერს პერიოდს 1917-1919 წლებს შორის. გვ.: 45-51.
ძალზედ ვრცლად და შთამბეჭდავადაა ილუსტრირებული სტატია ნოე ჟორდანიას შესახებ, რომელიც სათავეში ედგა პირველ ქართულ რესპუბლიკას და შემდეგ პარიზთან მდებარე ლევილში ხელმძღვანელობდა ემიგრაციაში წასულ მთავრობას. რა თქმა უნდა, ამ სტატიას დიდი ეროვნული ინტერესი გააჩნია. გვ.: 57-72.
ვათვალიერებ ლიტერატურულ გაზეთის „ნოჯიხური“ რედაქტორის ვალერი ძაძამიას სტატიას. ის მოგვითხრობს ქიაჩელის ბიბლიოთეკისა და „სახლ-მუზეუმების“ გახსნის შესახებ ობუჯსა და წალენჯიხაში. სახლ-მუზეუმები ინახავენ მნიშვნელოვანი საზოგადო მოღვაწეების შემოქმედებისა და მემკვიდრეობის შესახებ.
ასეთი ოჯახური ხასიათის მუზეუმები საქართველოში ბევრგან გვხდება. სტატიის სათაურია „ლეო ქიაჩელის სახელობის ბიბლიოთეკისა და სახლ-მუზეუმის დაარსების ისტორიიდან. გვ.: 86-92.
ანაკლია უშუალოდ შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. აქ ნავსადგურის მშენებლობისას იპოვეს ახალი არქეოლოგიური ექსპონატები, რომელთა შესახებ მოგვითხრობს ლაშა ჯიქია სტატიაში „ახალი არქეოლოგიური აღმოჩენები ანაკლიაში“. გვ.93-95.
მეგრულენოვანი ლექსის გამოქვეყნება სიახლეა საქართველოსათვის. ფართო წრეებში მეგრული ითვლებოდა და ითვლება როგორც „დამწერლობის არ მქონე“, როგორც „ქართული დიალექტი“, რომელიც არ იმსახურებს დამწერლობას. რა თქმა უნდა, მეგრელი მწერლები, როგორიცაა მაგალითად გიორგი სიჭინავა, საპირისპიროს ამტკიცებენ. სიჭინავას ლექსის უჩვეულო ინტერპრეტაციას ვუმადლით ზაალ ჯალაღონიას. გვ.: 102-104.
მესამე გამოცემის ბოლოს ვკითხულობთ ნანა აბულაძის კიდევ ერთ სტატიას მეგრული ეთნოლოგიის შესახებ, რომელშიც ავტორი აქვეყნებს ამონარიდებს უკვე გამოქვეყნებული ტექსტებიდან. სათაური: „გოჭკომური მეფეთა ძველი ჩვეულება და მეგრული პოეტური ფოლკლორი“. გვ.: 107-111.
ჟურნალის მე-4 გამოცემაში შესულია მეექვსე და მეშვიდე ნომრები, ის მოიცავს პერიოდს 2021 წლის იანვრიდან 2022 წლის იანვრამდე. ეს გამოცემა 130 გვერდიანია და იწყება რედაქტორ მარინე დამენიას მისალმებით „ძვირფასო ავტორებო და მკითხველებო“. თითქმის 40 ავტორია აქ ჩამოთვლილი და წარმოდგენილი თავიანთი ფოტოსურათებით. გვ.: 5-8.
საინტერესოა ზუგდიდში არსებული დადიანების მუზეუმის თანამშრომლის ფერიდე აფაქიძის სტატია „ვლადიმერ ალშიბაია. დადიანების უკანასკნელი მოურავი“. გვ.: 19-22.
თავად დადიანების გვარი, რომლის რეზიდენცია ზუგდიდში მდებარეობდა, მთელს სამეგრელოში ფლობდა მრავალრიცხოვან მამულებს. მათი ქონების მოურავებს განსაკუთრებული როლი და სოციალური პოზიცია გააჩნდათ. სტატიიდან ჩვენ ვიგებთ, რომ მოურავი ალშიბაია ზუგდიდში შეხვდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის პრეზიდენტს ნოე ჟორდანიას და ცნობილ ისტორიკოსს, არქეოლოგს ექვთიმე თაყაიშვილს, რომლებიც ზუგდიდში ვიზიტით იმყოფებოდნენ 1919 წლის 14-21 დეკემბერს. აფაქიძის სტატია ასევე მოგვითხრობს დადიანების მოურავის ოჯახურ ისტორიებს მის ძმასა და შვილებზე.
ვრცელი სტატიები საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, რომლებსაც ახლავს მარინე დამენიას მიერ დაწერილი საკონსტიტუციო კომისიის მოკლე ბიოგრაფია, ბუნებრივია სცილდება რეგიონულ თემატიკას. მისი წერილის სათაურია „საქართველოს პირველი კონსტიტუცია 100 წლისაა“. გვ.: 23-51. ამ კონსტიტუციის პოპულარიზაციისათვის დიდი საზოგადოებრივი მუშაობა ჩატარდა. სპეციალურად ამისათვის ზუგდიდში დაიდგა ბილბორდები, რომლებიც მოსახლეობის ყურადღებას ამახვილებდა 1918-1921 წლებზე. ამ თვალსაზრისით ძალზედ სასარგებლოა მარინე დამენიას მიერ დაწერილი, პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციის შექმნაში მონაწილე ავტორთა მოკლე ბიოგრაფია.
სამეგრელოდან, კერძოდ ქალაქ სენაკიდან, საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობა მიიღო იურისტმა სამსონ დადიანმა, რომელიც 1937 წელს დიდი ტერორის მსხვერპლი გახდა. კიდევ ერთი წევრი იყო გიორგი გვაზავა სამეგრელოს სოფლიდან — სუჯუნადან. მოგვიანებით ის ემიგრაციაში წავიდა პარიზში. სტატია მოგვითხრობს ზუგდიდელ სპირიდონ კედიაზე, რომელიც ასევე სწავლობდა საფრანგეთის უნივერსიტეტებში. კონსტიტუციაზე მათთან ერთად მუშაობდნენ იონა ხოჭოლავა ზუგდიდთან ახლოს მდებარე სოფელ ოდიშიდან, და ივანე ზურაბიშვილი მეგრული საპორტო ქალაქ ფოთიდან, რომელიც 1921 წლიდან ასევე ემიგრანტად ცხოვრობდა პარიზში.
მაშასადამე, პირველი ქართული კონსტიტუციის შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს აკადემიურად განათლებულებმა ადამიანებმა სამეგრელოდან.
უაღრესად საინტერესოა ისტორიკოს იგორ კეკელიას ეთნოლოგიური წერილი ქალაქ ბანძაში არსებულ ძველ ჩვეულებაზე, რომელიც დაახლოებით შუა გზაზეა ქალაქებს სენაკისა და მარტვილს შორის: „ჭვენიერობა ბანძაში“. გვ.: 57 – 63. ამ სტატიაში, რომელსაც წინ უძღვის კეკელიას შესავალი (მას თავად აქვს გამოქვეყნებული პუბლიკაციები მარტვილისა და ბანძას ონომასტიკის შესახებ), ავტორი ძირითადად ეხება გაზეთის „დროება“ 1870 წლის ძველ სტატიას, დაწერილი დავით ბარნაბაშვილის მიერ. ამ მეგრული სიტყვის რეალური მნიშვნელობა იმ დროს უკვე დავიწყებას იყო მიცემული. ძველ დროში ეკლესიასთან დაკავშირებული ეს ჩვეულება სრულდებოდა ორშაბათს, 20 აპრილს, წმ. გიორგის მოხსენიების დღეს. სამწუხაროდ, ამასთან დაკავშირებულმა მეგრულენოვანმა ლოცვებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. კეკელიას თქმით, ჭვენურობა სიმბოლურად გამოხატავს დარგვის სეზონის დაწყებას. ჩემი აზრით, სასურველია ადგილზე კვლევა, ბანძისა და მიმდებარე ტერიტორიის უხუცეს მცხოვრებლებთან ინტერვიუებით, რითაც, შესაძლოა, დამატებითი ინფორმაციები მივიღოთ ამასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია ისიც, რომ ბანძაში დიდი რაოდენობით ებრაელი ცხოვრობდა, რომლებიც ემიგრაციაში წავიდნენ ისრაელში 1960-იან წლებში.
ჩხოროწყუს მუზეუმის დირექტორის მოადგილე ზაურ ჯალაღონია ნათლად აღწერს ნაკიანის პატარა ეკლესიას, რომელიც არ არის შორს რაიონის ცენტრალური ქალაქიდან. ის ჯერ კიდევ 1855 წელს აშენდა და საბედნიეროდ არ გამხდარა კომუნისტური ეპოქის ანტირელიგიური ღონისძიებების მსხვერპლი. ამ სტატიისთვის ჯალაღონიამ შეძლო მუზეუმის მნიშვნელოვანი დოკუმენტების გამოყენება: „ნაკიანის თემში რელიგიური ცხოვრების შესახებ“. გვ.: 64–68.
ზემოდ უკვე მოგახსენეთ მარინე დამენიას მედიამუზეუმის შესახებ. მისი თითქმის სამგვერდიანი სტატია დასტურია იმისა, რომ ის ზუსტად იცნობს რეგიონული პრესის ორგანოებს. სტატიის სახელწოდებაა „გაზეთი „საბჭოთა სოფელი“. გვ 73–75.
სოფელ აბაშაში გამომავალი ორგვერდიანი გაზეთი გამოიცემოდა 1931 წლის დეკემბრიდან დიდი ტირაჟით - 1000 ეგზემპლარი. რა თქმა უნდა, ეს იყო ბოლშევიკური იდეოლოგიის სულისკვეთებით გამსჭვალული ორგანო, ისევე როგორც მაშინდელი საბჭოთა კავშირის ყველა გაზეთი. ზუგდიდის მეგრულენოვანი გაზეთებისგან განსხვავებით, ის ქართულ ენაზე იყო.
მიმდინარე წლის თებერვალში ცნობილი პოეტისა და მეგრული ლექსიკონების ავტორის ალიო ქობალიას ქალიშვილი ნონა ქობალია გარდაიცვალა. იგი დასთან, ნანასთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული ორი მონუმენტური ენციკლოპედიის დასრულებაში და ინტერნეტში ააწყო ბლოგი მეგრული ეთნოლოგიაზე. ჟურნალში „დისკუსია“ ის ათვსებს საინტერესო თემას „მეგრელ კაცთა სამშობიარო რიტუალი `მითორგინაფა~. გვ.: 89–90. დიდი მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდებოდა ნონა ქობალიას მიერ ინტერნეტში შეტანილი მასალების გამოქვეყნებით. ეს ასევე ეხება მამამისის დატოვებულ 300 ლექსს და ვრცელ რომანს, „ოდიშური თუთა“, ანუ „მეგრული მთვარე“. ალიო ქობალიას ხსენებული ხელნაწერები ყველა მეგრულადაა დაწერილი.
გერმანიაში მცხოვრებმა მეცნიერმა თამაზ გვენეტაძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჟურნალ `დისკუსიას~ მეოთხე ნომრის წარმატებაში ვრცელი ესეით ბარონ არტურ ფონ ზუტნერზე, პაციფისტი ბერტა ფონ ზუტნერის ქმრის შესახებ: `ბარონი არტურ ფონ ზუტნერი“. გვ.: 96–107.
ზუტნერებზე არსებული პუბლიკაციებისა და მათი ქართული თარგმანების მიმოხილვის შემდეგ ბატონი აანალიზებს რომანს „იბერიელნი“, რომლის ხელნაწერი მან ვენის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში აღმოაჩინა. ხელნაწერის აღდგენის შემდეგ მან კურენტის შრიფტით დაწერილი რომანი ქართულად თარგმნა და გამოაქვეყნა 2020 წელს — ვიგებთ სტატიიდან.
აღსანიშნავია რომანის ის ნაწილები, რომლებიც მეგრულ თემატიკას ეთმობა. ეს არის „მოგზაურობის აღწერა სენაკიდან ზუგდიდამდე“, „მეგრული დაკრძალვა“ და „მეგრული მარულა“. არტურ ფონ ზუტნერის სხვა ნაშრომში, რომელიც გვენეტაძემ თბილისში 2021 წელს გამოსცა, ასევე აღწერილია მეგრული ქორწინების რიტუალი. გვენეტაძის სტატია გაგრძელდება ჟურნალის მომდევნო ნომერში.
მე-110 გვერდზე მცირე მოხსენება ეძღვნება ცნობილ მწერალს დანიელ ფიფიას რომელიც პავლე აკობიასთან ერთად არის სამწერლობო მეგრული ენის ერთ-ერთი ადრეული პიონერი.
და ბოლოს, განსაკუთრებით საინტერესოა პოეტი გოგი შონიას ხალხური პოემა „მაგანა დო ჩხოუშია“. მშობლიური კუთხის აღსაწერად ის იყენებს მეგრულ ენას ტრადიციული ძველი ადგილის სახელებით. გვ.: 121.
ჟურნალის „დისკუსია“ უკანა გვერდს გადავყავართ ლაკადაში, სამეგრელოს მთიანეთში, რომლის თვალწარმტაცი ბუნების სილამაზე ყველა მნახველს აღაფრთოვანებს, აქვეა სოფელი მუხური, სადაც ცხოვრობდა პოეტი ლაშა გახარია. მისი ყოფილი სამუშაო ადგილი, სადაც ახლა პატარა სახლ-მუზეუმია, გვახსენებს მისი სიტყვების ძალას ქართულ და მეგრულ ენებზე. ამის ნათელი მაგალითია გამოქვეყნებული ლექსი.
დასასრულს მინდა დიდი მადლობა გამოვხატო ჟურნალის „დისკუსია“ ჟურნალისტისა და რედაქტორის მარინე დამენიას და ყველა ავტორის მიმართ. დაე, ამ ჟურნალმა მომავალში კიდევ მრავალი ნომერი გამოსცეს და გააგრძელოს საქართველოს კულტურულ სიმდიდრის გაშუქება!
ვოლფგანგ ფოიერშტეინი
ფროიდენშტადტი, 2024 წლის აპრილი.