07/01/2025
რეალისტური დრამის დაწერისთვის დავჯარიმდები თუ იცით? 👉👇
ორმაგი ავტოგოლი
- "დედა გთხოვ გამიშვი მეგობრებთან ერთად, ჩვენი ნაკრების ვარჯიშს უნდა ვუყუროთ, გემუდარები რა დედა... "-
ისე გულით ითხოვა 14 წლის ანდრიამ, რომ დედამ უარი ვერ უთხრა, თუმცა მის მზერაში წამიერად გაიელვა შინაგანი ბრძოლა - დედობრივი შიში და სიყვარულის ვნება. ანდრიასგან პირობა მიიღო, რომ ჭკუით მოიქცეოდა და სახლში მალე დაბრუნდებოდა. ორი ლარი მისცა გზის ფული და ბედნიერი ანდრია სასწრაფოდ თავის მეგობრებთან გაიქცა. ეს ორი ლარი ანდრიასთვის არა მხოლოდ გზის ფული იყო - ეს იყო ბილეთი ოცნებასთან. მას ყველაზე მეტად ფეხბურთის ვარსკვლავის ხაკი ლაკაძის ნახვა აბედნიერებდა.
ბავშვებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მიაღწიეს იმ ადგილს, რომელიც მათთვის წმინდა იყო - იმ მწვანე მინდორს, სადაც ლეგენდები ბალახის ფესვებს აფხიზლებდნენ. ბავშვებმა ფეხბურთელებს ღობის გისოსებიდან ყურება დაუწყეს, ანდრიამ თვალით მოძებნა მისი საყვარელი სპორტსმენი და ზურგით მდგარი ხაკი ნომრით ამოიცნო. გული აუჩქარდა, მას ხომ ცხადში ის ნანახი არ ყავდა, არადა ის მისი ოთახის კედლებზე მრავალი წლების მანძილზე სუნთქავდა.
ამ ფეხბურთელს კახაბერი ქვია, მაგრამ ხალხი მას სიყვარულით ხაკის ეძახის. ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩისთვის ემზადება, რომელიც მეორე დღეს უნდა გაიმართოს, ჯგუფში ფავორიტ გუნდს ხვდება.
ანდრია მთელი ვარჯიშის პერიოდში ხაკის მოძრაობებს თვალს არ აშორებდა და მისი ნახვით ბედნიერი იყო - დედამიწაზე, სადაც ზოგჯერ ღმერთები ბურთით მოდიან, ერთმა ბიჭმა ის ღმერთი ნახა.
როცა ფეხბურთელები ვარჯის მორჩნენ და მოედნიდან გასვლას აპირებდნენ, ბავშვებმა გადაწყვიტეს, რომ მათთან ახლოს მისულიყვნენ.
უცებ ანდრიამ თავისდაუნებურად - "ხაკი! ხაკი გთხოვ!" - ხმამაღლა დაუძახა.
ხაკი შეჩერდა და მისკენ მოიხედა, მერე გაუღიმა და ხელი დაუქნია მოდიო. ანდრიას გული მიეცა და მასთან მიირბინა. მის წინაშე ჩაიმუხლა. ხაკიმ კი ხელი მოკიდა , წამოაყენა და კითხა
- რა გქვია შენ?
- "მე... მე ანდრია ვარ. მე… თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვარ! (თვალები დაბლა დახარა) ყოველთვის ვოცნებობდი თქვენთან შეხვედრას!”... - და მერე ვეღარ გააგრძელა სათქმელი..
- ჰოდა აი შემხვდი.. - ხაკიმ მას თავზე ხელი გადაუსვა, ხელი ჩამოართვა და კითხა: - კიდე რაიმეს თქმა ხომ არ გინდა?
- კი მინდა, ხვალ... ხვალ ერთ გოლს ხომ გაიტან?
- არა, ხვალ ორ გოლს გავიტან... - ინსტიქტურად არ დაახანა ხაკიმ და უცებ მისთვის სასიხარულო ამბავი გაახსენდა... კმაყოფილმა ჩაიღიმა...
- მართლა? შენ თუ ორ გოლს გაიტან მე ყველაზე ხმამაღლა ვიმღერებ გამარჯვების "ოლე ოლას" - გახარებულმა ანდრიამ წამოიყვირა.
- ჰოდა შევთანხმდით- ხელი ჩამოართვა ხაკიმ მას, მერე უცებ შეტრიალდა და გასახდელისკენ წავიდა.
გაოგნებული, გაოცებული და ბედნიერი ანდრია გაშეშებული მიჩერებოდა მას იქამდე, ვიდრე ფეხბურთელი შენობაში არ შევიდა, ამასობაში მისი მეგობრებიც მასთან მოვიდნენ და კითხვები დააყარეს : - ბიჯო რა გელაპარაკა გვითხარი რა გთხოვ... გვითხარი რა....
- იცით რა მითხრა? ხვალ ორ გოლს გავიტანო....
ბავშვები ერთდროულად აყაყანდნენ, ვერ დაიჯერეს ასეთ ძლიერ გუნდთან ორ გოლს როგორ გაიტანდა...
- მართლა ეგრე გითხრა? - ისევ ეკითხებოდნენ
- დედას გეფიცები ეგრე მითხრა, არ გატყუებთ, მართლა ეგრე თქვა. ხვალ ორ გოლს გავიტანო და მე მჯერა მისი...
ერთერთმა წამოიყვირა ჩვენ რომ ორი გოლი გავიტანოთ იცი რა კუში აქვს, ათი და ნული და თუ ლარს დადებ 10 ლარს მოიგებ... ისევ აყაყანდნენ ბავშვები - აუ თუ მართლა ათი კუში აქ, თუ ეგრეა მოდი დავდოთ რა...
ბავშვებმა სახლში წასასვლელი ავტობუსის ფულით ფსონები გააკეთეს და სახლამდე ფეხით იარეს....
(მოქმედება ერთი დღით ადრე:) -
ის იყო ხაკიმ სამშობლოში გასამგზავრებად ჩემოდანი ჩაალაგა, რომ მის მობილურზე ზარის ხმა გაისმა. მას თავისი თანამემამულე ბიზნესმენი ურეკავდა, რომელთანაც ხშირად თანამშრომლობდა.
ბიზნესმენი უცხოეთის კლუბში თამაშების დროს მასთან ხშირად გარიგებებს დებდა ხოლმე საკმაოდ დიდი ფულის სანაცვლოდ, კერძოდ მატჩის მსვლელობისას ხაკი გარკვეულ მოქმედებებს ოსტატურად ასრულებდა და ბიზნესმენის შეკვეთილი ფსონით ორივე მხარე კმაყოფილი რჩებოდა, ისე რომ ვერც ვერავინ ვერაფერს ხვდებოდა. ეს მათი საიდუმლო გარიგებები იყო.
როცა ერთმანეთი მოიკითხეს ბიზნესმენმა მას თხოვა რომ სამშობლოში გამგზავრებამდე მასთან თავის რეზიდენციაში გაევლო, რადგან დიდი გარიგების შეთავაზება უნდოდა.
საათს დახედა, გაფრენამდე დრო საკმარისი იყო, მოემზადა და შესახვედრად წავიდა.
როცა ხაკიმ მდიდრული რეზიდენციის კარი შეაღო ბიზნესმენი ოთახის შუაგულში მდგარ დივანზე იჯდა, ყალყზე დამდგარი თმებით და შუბლთან შუაში შეპარული თეთრი ზოლით - მკვეთრ კონტრასტს რომ უქმნიდა დანარჩენ მუქ თმებთან. მას ხელით ანიშნა რომ მისულიყო და მის გვერდით დამჯდარიყო. ხელის ჩამორთმევისთანავე ბიზნესმენმა საუბარი წამოიწყო:
- ეს ჩვენი ნაკრების თამაშს ეხება... - ხაკი შეცბა, გაუკვირდა, რადგან მათ შორის ნაკრების თამაშებზე თანამშრომლობა არასდროს შემდგარა.
- აუდები თუ კუთხურები? - იკითხა მან.
- არცერთი და არც მეორე.
ხაკიმ მას ისევ გაკვირვებულმა გადახედა და ხელის მტევანი ამოატრიალა, ამ ჟესტით კითხვა დასვა - აბა რას მთავაზობო...
- ავტოგოლი...
სიჩუმე ჩამოვარდა, ხაკიმ თავი დახარა და ფიქრი დაიწყო. ის ხომ ეროვნული ნაკრების ლიდერი და გულშემატკივართა საყვარელი გმირია, საკუთარი ქვეყნის ნაკრების კარში გოლი კი დიდი იმედგაუცრუებაა. ერთ მხარეს იყო მისი ღირსება და ქვეყანა, მეორე მხარეს კი ფული, მაგრამ რამდენი? საკითხავი აი ეს არის.
პაუზა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, დუმდა ბიზნესმენიც და ამით ფიქრის საშუალებას აძლევდა ფეხბურთელს.
ხაკიმ ბოლოს თავი ასწია და იკითხა:
- ჰონორარი?...
ბიზნესმენმა პასუხის გაცემა არ იჩქარა, მცირე პაუზა გააკეთა, შემდეგ მისკენ გადაიხარა და ყურში ექვს ნულიანი ციფრი ჩასჩურჩულა.
ხაკის თვალები გაუფართოვდა, არ ელოდა ამ ციფრს, მას ხომ ამხელა თანხა ერთდროულად არასდროს მიუღია.
ისევ პაუზა... ისევ ჩაფიქრება, მაგრამ ამჯერად ის იწყებს საკუთარი პოტენციური საქციელის გამართლებას:
“გუნდში ერთი ანტიგმირობა არაფერს მავნებს. გარდა ამისა, თამაში დიდს არაფერს წყვეტს. თუკი ასეთ შემთხვევაში სხვებიც იგივეს აკეთებენ, რატომ არ შეიძლება, რომ მეც გავაკეთო? ამას ისე ვიზამ რომ ეჭვს ვერავინ შეიტანს, პროფესიონალურად შევასრულებ, უიღბლობას დაბრალდება და გულშემატკივრებსაც მალე დაავიწყდებათ." ამ ფიქრებით მან უკვე საკუთარ თავში მოკლა დანაშაულის შეგრძნება.
- შეძლებ? - მყუდროება ბიზნესმენის კითხვამ დაურღვია.
ხაკი ნერვიულად წამოდგა, ოთახის შუაგულში გაიარ-გამოიარა, მერე კედელზე დაკიდებულ დიდ ეკრანთან ახლოს მივიდა, სადაც ფეხბურთის მატჩი გადიოდა, ცოტა ხანი უცქირა, თუმცა ეკრანზე ვერაფერს ხედავდა, შემდეგ კი უცებ შემოტრიალდა და ბიზნესმენს კითხვა შემოუბრუნა:
- და ორ ავტოგოლზე ორმაგდება?
ამჯერად ბიზნესმენი შეცბა, გაოცდა. დღეს ისინი ერთმანეთს ანცვიფრებდნენ. შემდეგ ბიზნესმენს გაოცებული სახე ბედნიერ ღიმილში გადაეზარდა და ფეხბურთელს უთხრა:
- შენ დიდი ნიჭიერი კაცი ხარ, ორმაგ ავტოგოლზე მეც კი ვერ გავბედე ფიქრი...
(მოქმედება აქედან 2 დღის შემდეგ):
დღეს მთელი ერი ფეხბურთის მატჩით ცხოვრობს, ვისაც ბილეთი აქვს ყველა სტადიონზეა (80000 მაყურებელი), ვისაც არა ყველანი ეკრანებთან ზის.
ანდრია თავისი სახლის ტელევიზორიდან ადევნებს თვალს ფეხბურთის მატჩს, ხელში ერთლარიანი ბილეთი უჭირავს და გოლებს ელოდება, თუმცა მთელი პირველი ტაიმი ხაკი შეტევაზე გადასული არ უნახავს, მეორე ტაიმის იმედი აქვს.
თავის მხრივ ხაკი კი 80000 მაყურებლის წინაშე ორმაგად დაძაბულია და ძალიან ღელავს.
პირველ ტაიმში ვერ შეარჩია შესაფერისი მომენტი ავტოგოლებისთვის, თუმცა თავისი ნიჭისა და გამჭრიახობის იმედი აქვს.
იგი დაცვის ხაზს არ შორდება და ყველა ფლანგზე იბრძვის, მაყურებელში მისი დაუღალავი მოძრაობები აღფრთოვანებას იწვევს და ტრიბუნებიდან მის სახელს სკანდირებენ - "ხაკი!.. ხაკი!..
აი მოწინააღმდეგე გუნდმაც შეტევა წამოიწყო, გადმოვიდა ჩვენს საკუთარ ნახევარზე მარცხენა მხრიდან. ერთერთმა მოთამაშემ გადაწყვიტა ბურთი შორიდან დაერტყა ჩვენი კარის მიმართულებით. ხაკი ამ დროს საჯარიმოში იმყოფება და მან წამის მეათასედში გაიაზრა, რომ ეს სწორედ შესაფერისი მომენტია.
ბურთი კარისკენ მოფრინავს, ნაკრების მეკარეც ადგილზეა და ემზადება ბურთის მისაღებად. ხაკიმ კი ხტომი გააკეთა, ბურთს თავი შეუშვირა და მიმართულება შეუცვალა, თუმცა დარტყმის შემდეგ თავი ზემოთ აიქნია და იმიტაცია შექმნა, თითქოს ბურთის კარის ზემოდან გადაგდება უნდოდა, ეს ისე ოსტატურად შეასრულა, რომ ეჭვი არავის შეპარვია. ბურთი ჩვენი ნაკრების ბადეში გაეხვია.
იგი თავს ხრის და სახეზე აშკარა სინანულს ავლენს - "ბოდიში, ბიჭებო… უბრალოდ ბურთი უცნაურად წამოვიდა, გადავაგდებდი მეგონა, მაგრამ…” მოუბოდიშა მან თანაგუნდელებს.
ამავე დროს მისი გონება უკვე კონცენტრირებულია მეორე ავტოგოლის გატანაზე და ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოახერხოს.
პირველი გოლიდან მეთორმეტე წუთს ისევ მარცხენა კუთხიდან იერიში მოწინააღმდეგეთა მხრიდან, დაბალი პასით ჩაწოდება საჯარიმოში და მისი შესაბამისი სწორი პოზიცია თავისი მიზნის განსახორციელებლად.
მოწოდებულ ბურთს გადაეღობა და ძლიერი დარტყმით თითქოს ბურთის მოცილებას და აუდში გაგზავნას ცდილობდა, პროფესიონალურად მოიჭრა ფეხზე, მოჭრილი ბურთი საკუთარ კარში გაგზავნა.
ეს შესაშური გოლი იქნებოდა სხვის კარში რომ გაეტანა, მაგრამ საკუთარი ნაკრების წინააღმდეგ ანგარიში ორამდე გაზარდა.
ამჯერად მას მეტი არტისტიზმი სჭირდებოდა და მეტი სინანულის გამოვლინება: - ზურგით დაწვა მინდორზე და ხელები თავში წაიშინა, რამოდენიმე წამი არ განძრეულა, თანაგუნდელების გამხნევების შემდეგ წამოდგა და ტრიბუნების დასანახად, ხელები გაასავსავა, მხრები აიჩეჩა, ნიკაპი წინ გამოწია, დიდტუჩება ჩიჩვირი შექმნა და ზემოთ ასწია იმის ნიშნად, რომ არ იცის რა მოუვიდა, დღეს აშკარად ცუდი და უიღბლო დღე აქვს... ტრიბუნებზე ხალხი დუმდა, იმედის ყიჟინა აღარ ისმოდა. ტაბლოზე კი 0-2 ანთია.
გაისმა საფინალო სასტვენის ხმა. საზოგადოება კიდევ ერთხელ იმედგაცრუებული დარჩა ეროვნული ნაკრების ფეხბურთით. ტაბლოზე ანათებდა ცივი, ულმობელი ციფრები –
0 : 2. არაფერი მეტისმეტი. მხოლოდ ორი გოლი. ორჯერ ერის შეწყვეტილი სუნთქვა და ღრმა დამანგრეველი დუმილი.
აქით ანდრიას გულწრფელი მოლოდინი, რომ ეგონა ერთ ლარად ოცნება იყიდა - ის ოცნება, რომელიც ბილეთის სახით ხელში ჩაბღუჯული ეჭირა, თავის პატარა თითებს ისე მჭიდროდ უჭერდა, რომ გეგონებოდა ყველა ოცნება დაემსხვრეოდა თუ გაუშვებდა და თვალებზე მომდგარ ცრემლებს თითქოს ამ თითების მოჭერით იკავებდა. მან სიცარიელედან წამოსული ჩურჩულით, თითქმის გაუგონარი ხმით, უკვე სველი თვალებით, ხმა ამოიღო და მისმა ტუჩებმა წარმოთქვეს დაპირებული სიმღერა არა სიხარულისგან და არა გამარჯვებისგან, არამედ უბრალოდ იმისთვის, რომ ტკივილს ხმა ჰქონოდა:
– "ოლე… ოლა… " - "ოლე ოლა" - და ეს მისი გლოვა იყო.
იქით კი ხაკი ლაკაძე მაშინ, როცა მთელი ერი დუმდა,
როცა გულშემატკივრები ბრაზის გადაყლაპვას ვერ ახერხებდნენ,
როცა ერს მომდევნო თამაშის რწმენა აღარ შერჩა, როცა 14 წლის ბიჭი
ხელში ერთ ლარად ნაყიდ ოცნებას ჩაბღუჯული ცრემლებით გლოვობდა,
სავარძელში მჯდომი ელოდა თავისი ორმაგი ავტოგოლით ორმაგი ექვს-ნულიანი ციფრით თავისი ექაუნთის შევსებას...
აი შეტყობინებაც: -
„ჩარიცხვა შესრულდა.“
ავტორი: დავით ჯაფარიძე - (გულშემატკივარი, რომელსაც ავტოგოლები არ დავიწყებია).