Speech • სფიჩი

Speech • სფიჩი Speech • სფიჩი არის ძალა. პროფესიონალი, მიზანდასახული და მოტივირებული ადამიანების ტრიბუნა

◾ნათია ჩითავიშვილი-გერმანიაში მცხოვრები ექიმი რადიოლოგიპირველად გერმანიაში 2009 წელს ჩამოვედი, როდესაც თბილისის ივანე ჯა...
11/15/2025

◾ნათია ჩითავიშვილი-გერმანიაში მცხოვრები ექიმი რადიოლოგი

პირველად გერმანიაში 2009 წელს ჩამოვედი, როდესაც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის მე-5 კურსის სტუდენტმა გაცვლით პროგრამაში მივიღე მონაწილეობა და სამედიცინო ფაკულტეტიდან რვა შერჩეულ სტუდენტს შორის აღმოვჩნდი.

ფრიდრიხ-ალექანდერის სახელობის ერლანგენის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი გერმანიაში 2015 წელს დავამთავრე. ამჟამად ვარ ქალაქ იენის საუნივერსიტეტო კლინიკის უფროსი ექიმი რადიოლოგი.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი იენის ფრიდრიხ-შილერის სახელობის უნივერსიტეტის ბაზაზე 2024 წელს დავიცავი და მას შემდეგ ვცდილობ, აქტიურად დავუჭირო მხარი გერმანელ და ქართველ სტუდენტებს, გავუზიარო მათ გამოცდილება, რომელიც დამიგროვდა. ამავე დროს, იენის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის (Praktisches Jahr) სტუდენტების მენტორი ვარ და ერთ-ერთი დამფუძნებელი გაცვლითი პროგრამისა თსუ-ის სამედიცინო ფაკულტეტსა და იენის საუნივერსიტეტო კლინიკას შორის, რადიოლოგიის განყოფილებაში. ჩემი ისტორია არც თბილისიდან იწყება და არც გერმანიდან, ყველაფერი გურჯაანის რაიონის, სოფელ ველისციხის საშუალო სკოლიდან დაიწყო, სადაც ჩემი სურათი, წარჩინებულთა დაფაზე, სწავლის დამთავრების შემდეგაც ეკიდა.

საქართველოში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს მაქსიმუმს ვაკეთებდი, ვხვდებოდი, რომ საკმარის განათლებას და პრაქტიკას ვერ მივიღებდი, ამიტომ გადავწყვიტე, რეზიდენტურა საზღვარგარეთ გამეგრძელებინა. ამის არანაირი ფინანსური პერსპექტივა არ მესახებოდა და მაინც, მე ჩემს აპრობირებულ მეთოდს - განუწყვეტლივ შრომას, წამითაც არ ვღალატობდი, შედეგიც არ აყოვნებდა. როდესაც თსუ-ის გაცვლითი პროგრამის გამარჯვებული გავხდი, მივხვდი, რომ შრომა ფასდებოდა. სწორედ გაცვლითი პროგრამის ერთთვიანმა პრაქტიკამ ქალაქ ქემნიცის კლინიკაში დამისახა ახალი მიზანი - სწავლა გერმანიაში გამეგრძელებინა.

თსუ წითელ დიპლომზე დავამთავრე და იმავე წელს გერმანიაში წამოვედი. მივხვდი, რომ ყველაფერს ისევ ნულიდან ვიწყებდი და ამჯერად ეს ძალიან რთული გზა იქნებოდა. საარსებო სამუშაოების პარალელურად გერმანული ენის ინტენსიურ კურსებზე ვსწავლობდი. შემდეგ გავიარე საუნივერსიტეტო ენის მოსამზადებელი კურსები (DSH-Vorbereitungskurs) და ჩავაბარე გერმანული ენის სასერთიფიკატო გამოცდა, რამაც მომცა გერმანიაში სწავლის უფლება.

თსუ-ს დიპლომი ნაწილობრივ აღიარეს, რადგან საქართველო ევროკავშირის ქვეყანა არ არის, სწავლის დაწყება ხელახლა, ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე მე-4 კურსიდან მომიწია. მახსოვს, იმატრიკულაცია რომ გავიარე, დეკანატიდან გამოვედი, იქვე მოედნის შუაში მდგომ მრგვალ სკამზე ჩამოვჯექი, ჩემს წინ უნივერსიტეტის დიდი შენობა იყო თავისი ბაღით, ირგვლივ მიმოვიხედე და ცრემლები თავისთავად წამომივიდა. ეს არ იყო სიხარულის ცრემლები, ეს იყო სირთულის შიში. თუმცა მალევე ავდექი და გზა გავაგრძელე.

გერმანიაში სწავლის პერიოდში, ორჯერ გავხდი სტიპენდიანტი (Deutschlandsstipendium და Abschlussstipendium). სწავლის პარალელურად ვმუშაობდი ექთნის დამხმარედ და სხვადასხვა სტუდენტურ სამუშაოებზე, საკმაოდ რთული სტუდენტობა მქონდა.
ცხოვრებაში ჩემს მთავარ მიღწევად, სწორედ გერმანიის უნივერსიტეტის დამთავრებას, კერძოდ კი დამამთავრებელი სახელმწიფო გამოცდის ჩაბარებას მივიჩნევ. ეს იყო სამდღიანი გამოცდა, სამედიცინო ცოდნის, ფიზიკური და სულიერი გამძლეობის. მისი ჩაბარების სიხარული კი დღემდე არ მომშორებია.

გერმანიაში სამედიცინო განათლების მიღება უდიდესი პერსპექტივა და არჩევანის საშუალებაა: ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის პროცესში გაქვს შესაძლებლობა, რომ პრაქტიკის სახით ბევრი მიმართულება მოსინჯო. გერმანიაში სამედიცინო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, უმცროს ექიმად მუშაობის ხუთწლიანი პერიოდი იწყება. ამ პერიოდში შესაძლებელია დიდი გამოცდილების დაგროვება. სწორედ გერმანიაში სწავლის და მუშაობის დამსახურებაა, რომ ავირჩიე ჩემი პროფესია - რადიოლოგია, რომელიც უსაზღვროდ მიყვარს. გერმანიაში უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კლინიკური გამოცდილება ქირურგიულ გინეკოლოგიასა და მეანობაში მივიღე, სადაც ორი წელი უმცროს ექიმად ვმუშაობდი, სანამ მივიღებდი ადგილს რადიოლოგიაში. რადიოლოგიაში უმცროს ექიმად ექვს წლიანი მუშაობის შემდეგ კი ჩავაბარე სალიცენზიო გამოცდა და გავხდი უფროსი ექიმი რადიოლოგი (Fachärztin).
რადიოლოგია მომავლის პროფესიაა, ფართო სპექტრით და შესაძლებლობებით, ეს პროფესია მათთვისაა, ვისაც გაჩერება არ შეუძლია და სულ უნდა განვითარება. ზოგად რადიოლოგს გერმანიაში შეუძლია დამატებითი სპეციალიზაცია და წოდება მიიღოს, ბავშვთა რადიოლოგიასა და ნეირორადიოლოგიაში.

დღეს, სტუდენტი აღარ ვარ, თუმცა სტუდენტობა არც ისე შორეული წარსულია. ამიტომ ჩემი მიზანიც სწორედ ქართველი სტუდენტების მოტივაცია, მათთვის ჩემი გზის და გამოცდილების გაზიარებაა. მინდა მათ ვუთხრა, რომ შრომა ყოველთვის ფასდება და თუ ადამიანი პატიოსანი შრომით წინ მიიწევს, ის მიზანს აუცილებლად მიაღწევს. გერმანია კი ამისთვის საუკეთესო არეალია. სადაც უნივერსიტეტის დამთავრება და შემდეგ ექიმის ლიცენზიის აღება საშუალებას გაძლევს იმუშავო ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის ავსტრია და შვეიცარია. ქართველ ახალგაზრდებს გერმანული ენის საფუძვლიანად სწავლას ვურჩევ, რადგან გერმანიაში სწავლის დაფინანსება თავისუფლად შეიძლება საკუთარი შრომით, ასევე არსებობს სტიპენდიები, რომლებიც ზემოთ დავასახელე. გარდა ამისა, გერმანიის სახელმწიფო ზრუნავს და აფასებს სტუდენტებს სხვადასხვა შეღავათების სახით. სამომავლოდ ვგეგმავ ქართველი სტუდენტებისთვის ისეთ პროექტებს, რომ გავუზიარო ცოდნა, რაც გერმანელი სტუდენტებისთვის არის ხელმისაწვდომი.

მინდა ჩემი მაგალითით მოტივაცია მივცე გერმანიაში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს, რომ გაუძლონ მძიმე სწავლის პროცესს და არ ჩავარდნენ უიმედობაში - ეს შრომა ამად ღირს! წარმატების გასაღები ხომ თავდაუზოგავი შრომაა. განათლების მიღების პერიოდში მნიშვნელოვანია მუდმივი მოძრაობა და მიზნებისკენ სწრაფვა, დაცემის შემდეგ არა ერთხელ, არამედ ისევ და ისევ ადგომა! თუ მე შევძელი, ამას სხვებიც შეძლებენ! მიზანი კი იმაზე ახლოსაა, ვიდრე გვგონია.

ექიმობა, რა თქმა უნდა, პრივილეგიაა, თუმცა, ამავე დროს, ეს დიდი პასუხისმგებლობაცაა და ტვირთიც . ამიტომ, თუ ხარ ექიმი, უნდა გქონდეს გაცნობიერებული, რომ ეს არ არის მხოლოდ პროფესია - ეს შენი ცხოვრების სტილი და მუდმივი მდგომარეობაა.

#სფიჩი #სპიჩი #ქართველიპროფესიონალებიუცხოეთში #განათლება #გამოცდდილება

◾ მაია კობერიძე- გერმანიაში მცხოვრები მუსიკოსი1990-იანი წლები საქართველოსთვის რთული დრო იყო და, ალბათ, ჩვენს თანამემამულ...
10/21/2025

◾ მაია კობერიძე- გერმანიაში მცხოვრები მუსიკოსი

1990-იანი წლები საქართველოსთვის რთული დრო იყო და, ალბათ, ჩვენს თანამემამულეებს უფრო მეტი კითხვა ჰქონდათ, ვიდრე პასუხი. რამდენიმე წლის წინ ერთმა მეგობარმა ძალიან ზუსტად აღწერა ის დრო: „გვეგონა, რომ გაზაფხული აღარასოდეს დადგებოდა.“ ეს შეგრძნება ყველას იპყრობდა. ჩემი სამეგობრო უმეტესად მუსიკოსებისგან შედგებოდა და ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს ჩამოყალიბებული კამერული ორკესტრი, რომელსაც 1991 წლიდან გიორგი ბაბუაძე დირიჟორობდა, ჩვენი მუსიკალური ცხოვრების ერთადერთი რეალობა იყო. არ გავიხსენებ ჩვენს გაყინულ სარეპეტიციო ოთახს, სანთლის შუქზე გამართულ კონცერტებს, ვიოლინოთი მეტროს ბნელ გვირაბში მარშს (როდესაც უცებ დენი ითიშებოდა), რეპეტიციებზე (სახლიდან 12 კილომეტრის დაშორებით) ფეხით სიარულს... ეს იყო იმდროინდელი მუსიკოსების ყოფა . გვქონდა განცდა, რომ რაღაც შინაარსს მაინც ვაძლევდით ჩვენს „მუსიკალურ“ ცხოვრებას.

ჩემთვის მუსიკა არ იყო (და დღემდე არ არის) უბრალოდ პროფესია, მუსიკა ჩემი სიცოცხლის წყარო იყო; როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური გადარჩენის ერთადერთი გზა, იმ წლებში. ყოველ შემთხვევაში ასე ვგრძნობდი. 26 წლის ასაკში ვეძებდი გზებს, რომლებიც როგორც ჩემს პიროვნულ, აგრეთვე მუსიკალურ განვითარებაში დამეხმარებოდა. მაშინ საქართველოში ეს გზები არ ჩანდა და მე ჩიხში ვიყავი შესული. 90-იან წლებში ახალგაზრდა მუსიკოსები ვაკუუმში ვიყავით (თუმცა, ალბათ, არა მხოლოდ მუსიკოსები). საქართველო სრულიად იზოლირებული იყო გარე სამყაროსგან.

ორ უახლოეს მეგობარ მევიოლინესთან ერთად, გადავწყვიტე სადმე საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მიღება, რომ რეალურ მუსიკალურ სამყაროში ჩვენი თავი გამოგვეცადა და ახალი იმპულსები მიგვეღო. სიტყვა „სადმე“ შემთხვევით არ გამომიყენებია. მაშინ ეს მართლაც არ იყო გადამწყვეტი. მთავარი იყო მოტივაცია, რომელიც გვამოძრავებდა. შემთხვევით ხელში ჩამივარდა ლუდვიგ შპორის საერთაშორისო სავიოლინო კონკურსის ძველი ბუკლეტი... ასე მოვხვდით სრულიად შემთხვევით გერმანიაში (უცნობი ხალხის მიერ სამივესთვის ნაჩუქარი 1000 დოლარით და ავიაბილეთებით) ქალაქ ფრაიბურგში, სადაც კონკურსი ტარდებოდა. ეს წამოწყება საბედისწერო აღმოჩნდა ჩემთვის, 2000 წელს ამ ქალაქის საოპერო თეატრში დავიწყე საქმიანობა, სადაც დღემდე ვმუშაობ.

1994 წელს ფრაიბურგში ცხოვრობდა ჩემი გერმანელი მეგობარი ჰორსტი, პროგრამისტი, რომელიც 1992–93 წლებში თბილისში გავიცანი, სადაც ის DAAD სტიპენდიით იყო ჩამოსული. ზუსტად ჰორსტის იდეა იყო: „მაია, ვიცი რა სიტუაციაა საქართველოში, ხომ არ გინდა გერმანიაში ასპირანტურაში სწავლის გაგრძელება?“ მაშინ ჩემთვის ეს იდეის დონეზეც კი ფანტასტიკად ჟღერდა. ახლად შეძენილი გერმანელი მეგობრების დახმარებით (საჭირო ინფორმაციის მოძიება, ინსტიტუტში საბუთების შეტანა, სწავლისა და ცხოვრებისათვის საჭირო დაფინანსების ფორმალური დოკუმენტების მიღება) მომეცა შანსი მისაღებ გამოცდებზე გასვლისთვის. გამოცდა უმაღლესი ნიშნით ჩავაბარე, მაგრამ მაინც ძნელი დასაჯერებელი იყო, როდესაც ოფიციალურად მაცნობეს, რომ გავხდი ქალაქ მანჰაიმის უმაღლესი მუსიკალური სასწავლებლის ცნობილი პროფესორის, რომან ნოდელის კლასის ასპირანტი. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, თუმცა სრულიად გაურკვეველი იყო, როგორ მოვახერხებდი სრულიად მარტო უცხო ქვეყანაში ჩემი სწავლისა და ცხოვრების დაფინანსებას.

1995 წლის აპრილში ჩავედი მანჰაიმში. ხელში მეჭირა ვიოლინო, რომელიც საერთოდ არ პასუხობდა გერმანიაში არსებულ სტანდარტებს (რამაც დიდ პრობლემის წინაშე დამაყენა). ჯიბეში მედო 400 დოლარი და ფრანკფურტი–თბილისის ავიაბილეთი, რომელსაც თარიღი არ ჰქონდა მითითებული. ეს იყო ერთადერთი, რაც გარანტირებული მქონდა, თუ ვერ მოვახერხებდი ამ შანსის გამოყენებას, სახლში ყოველთვის შემეძლო დაბრუნება.

ამ დღიდან დაიწყო ძალიან საინტერესო, მაგრამ ასევე არანაკლებად რთული წლები, შორს ჩემი ოჯახისგან და მეგობრებისგან, ყველა იმ ადამიანისგან, ვინც მიყვარდა და ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო. საქართველოსთან კომუნიკაცია ხდებოდა წერილებით, რომლებიც არა ფოსტით იგზავნებოდა, არამედ ვინმე თბილისში მიმავალ მგზავრს უნდა გადაგვეცა კონვერტი აეროპორტში. ოჯახს კი თბილისში ეს მგზავრი უნდა ეპოვნა. სატელეფონო საუბრები ძალიან იშვიათი და ხანმოკლე იყო, ვინაიდან უზარმაზარ თანხებს მოითხოვდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, ეს დრო ჩემთვის (როგორც მუსიკოსისთვის) უნიკალური შანსი იყო. სწავლა და მუშაობა გერმანიაში, სადაც კლასიკური მუსიკის სრულიად უნიკალური ლანდშაფტი არსებობს, ჩემთვის ლოტოში მილიონის მოგებას აღემატებოდა. გერმანიის გარდა, სხვაგან ევროპაში არ არსებობს ამდენი ანსამბლი, ორკესტრი, საოპერო და მუსიკალური თეატრი, რომლის საშუალო მუსიკალური დონე ასეთი მაღალია, რაც არ უნდა პატარა ქალაქში მდებარეობდეს.

ჩემი ყოველი დღის გათენება იწყებოდა ვიოლინოთი და მთავრდებოდა ვიოლინოთი. ალბათ მუსიკის სიყვარული ავსებდა ძილის უკმარისობას. ან ვმუშაობდი ორკესტრში, ან ვმეცადინეობდი. ძალიან დიდი რეპერტუარის სწავლა მიხდებოდა მოკლე დროში. ჩემთვის მთელი საორკესტრო რეპერტუარი ახალი იყო. ამას სასწავლო პროცესის სოლო რეპერტუარი ემატებოდა. მახსოვს, ერთ პროექტისთვის გვიან ღამით ცარიელი მატარებლის კუპეში ვმეცადინეობდი ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონიის ვიოლინოს პარტიას. ეს ჩემთვის პირველი ბეთჰოვენის სიმფონია იყო. საქართველოში ხომ მხოლოდ კამერულ ორკესტრში ვუკრავდი. კონსერვატორიაში ამ წლებში ორკესტრს სათანადო ყურადღება აღარ ენიჭებოდა.

მიუხედავად ყველა სირთულისა, როგორც მევიოლინემ, საკმაოდ მალე გავიკაფე გზა პროფესიულ ორკესტრებში და ჩემს სასწავლებელში კარგი სახელი დავიმკვიდრე. თუმცა პირველი ორი წელი სრულიად დაკარგულად ვგრძნობდი თავს. თბილისში, ანუ ყოფილ საბჭოთა კავშირში მიღებული განათლება საკმაოდ დოგმატური იყო. ის ითვალისწინებდა მკაფიო ჩარჩოებს აზროვნებაში: რა არის და არ არის „სწორი“. გერმანიაში არსებულმა ინტერპრეტაციის მრავალფეროვნებამ და თავისუფლებამ სრულიად დამაბნია. აღმოჩნდა, რომ „თავისუფალი და დამოუკიდებელი აზროვნება“ ძალიან რთულია , ის დაკავშირებულია უფრო ღრმა ცოდნასთან, მეცადინეობასთან, საკუთარ თავზე მუდმივ მუშაობასთან, სიმამაცესთან და დიდ პასუხისმგებლობასთან. როცა ეს გავიაზრე, ჩემთვის ახალი ჰორიზონტები გაიხსნა, ჩემი განვითარების (როგორც მუსიკოსისა და როგორც პიროვნების) სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო.

დღეს შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ თავისუფლება და დამოუკიდებელი აზროვნება ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს არ ეხება მხოლოდ მუსიკას, თუმცა მუსიკა ჩემთვის ყოველთვის ძლიერი დამხმარე ძალაა. ჩემი აზრით, მუსიკა არ არის პროფესია, მუსიკოსობა არის ცხოვრების გზა. ეს გზა იწყება ბავშვობაში და არასოდეს მთავრდება. მუსიკა ჩემთვის ის სამყაროა, რომელიც უნიკალური ხერხით ასახავს ჩვენს გრძნობებსა და ემოციებს, ხოლო ოპტიმალურ შემთხვევაში, ჩვენს შინაგან სამყაროს.

რთულია 30-წლიანი პროფესიული გამოცდილებიდან რაიმე ერთის გამორჩევა. შეიძლება ითქვას, რომ მე, როგორც მუსიკოსი გერმანიაში ჩამოვყალიბდი. საქართველოში არასოდეს მიმუშავია, მხოლოდ მეგობრებთან ერთად კამერულ ორკესტრში ვუკრავდი, რომლის რეპერტუარიც სრულიად განსხვავდება სიმფონიურისა და საოპერო რეპერტუარისგან. გერმანიაში კი ყველაფერი ახალი და ამით, ჩემთვის განსაკუთრებული იყო. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ხშირად იმ დარბაზებში ვუკრავდი, რომლებიც პირდაპირ იყო დაკავშირებული დიდ კლასიკოსებთან, რომელთაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ კლასიკური მუსიკის ისტორიაში. მახსოვს ჩემი პირველი კონცერტი Deutsche Staatsphilharmonie-სთან ერთად, რიხარდ ვაგნერის „მაისტერზინგერ“-ის პროგრამით, ნოიშვანშტაინის ციხეში (Schloss Neuschwanstein). ეს ჩემთვის სრულიად არარეალური იყო, ვაგნერის მუსიკის პირველი შეხება, თან ამ ზღაპრულ გარემოში, რომელიც პირდაპირ უკავშირდებოდა კომპოზიტორს, მის შემოქმედებას და მუსიკალური თეატრის გარდატეხის ეპოქას.

კლასიკური მუსიკა ყოველთვის დიდი გამოწვევების წინაშე იდგა და, ალბათ, მომავალშიც ასე იქნება. ეს სფერო თითქმის ყოველთვის დამოკიდებულია სუბსიდიებსა და კერძო შემოწირულობებზე. კლასიკური მუსიკა ვერასოდეს იქნება ბიზნესი, რომელიც მოგებას მოაქვს. ამიტომ ეს ყოველთვის დიდი გამოწვევაა დაბალი ბიუჯეტის მქონე ქვეყნებისათვის და ორგანიზაციებისთვის, განსაკუთრებით ოპერისთვის , რადგან ოპერა ხელოვნების ყველაზე ძვირადღირებული ფორმაა. ამავე დროს, კლასიკური მუსიკის საშემსრულებლო ხელოვნება იმდენად სპეციფიკურია, რომ არც ხელოვნური ინტელექტი და არც ციფრული სამყარო მას ვერასოდეს ჩაანაცვლებს. კლასიკური მუსიკის სამყაროს მაგიურ ატმოსფეროს ცოცხალი შესრულება ქმნის, ამიტომ მას რეალურად ვერაფერი ჩაანაცვლებს.

თუმცა ყოველი დღე ახალი გამოწვევაა მუსიკოსისთვის, მუდმივი მეცადინეობა, მზადყოფნა სირთულეების დასაძლევად, სცენაზე გასვლა და ეჭვებთან ბრძოლა: „შევძლებ თუ არა დღეს მაქსიმუმის ჩვენებას? შეესაბამება ჩემი შესრულება მუსიკალური სამყაროს მოთხოვნებს?“ ამას ემატება ფიზიკური დაღლილობა და ხშირად არასათანადო ანაზღაურება. ამ გამოწვევების დასაძლევად მხოლოდ მუსიკის სიყვარული არ კმარა , საჭიროა დისციპლინა, მოთმინება, ინტერესი ახლის მიმართ, საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობა და, რაც მთავარია, ბალანსის პოვნა მუსიკის სამყაროსა და ყოველდღიურ ცხოვრებას შორის.
კლასიკური მუსიკის უსაზღვრო სიღრმე ჩემში მუდმივად ახალ კითხვებს ბადებს. წლების განმავლობაში ჩემთვის ბევრ საინტერესო სფეროს გავეცანი, რომლებიც ახლა ჩემს მუსიკალურ საქმიანობაშია ინტეგრირებული: კულტურის მენეჯმენტი, ფსიქოლოგია (სტრესისა და შიშის მართვის კუთხით), პიროვნული განვითარება, ნეიროლინგვისტიკა და ჰიპნოზიც კი. ეს ყველაფერი ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა მუსიკის კონტექსტში.

ბოლო წლების მუშაობის შედეგია სპეციალური პროგრამა ხელოვანებისთვის, რომელიც მათ ეხმარება სცენის შიშის დაძლევაში, გამოუყენებელი რესურსების გააქტიურებაში, სცენაზე აუთენტურობის, თვითდაჯერებისა და კრეატიულობის განვითარებაში. ამჟამად პროგრამა გერმანულ ენაზეა, მაგრამ სამომავლოდ მსურს მისი შეთავაზება საქართველოშიც, ქართულ ენაზე.

ჩემი პროფესიული კონტაქტები საქართველოში არასოდეს შეწყვეტილა, ვინაიდან ჩემს თავს ყოველთვის საქართველოს ნაწილად აღვიქვამდი. ყველა განხორციელებული პროექტი ამყარებდა და აძლიერებდა ამ კავშირებს. თუმცა, 2020 წლიდან ქართულ-გერმანულ პროექტებზე მუშაობა საგრძნობლად შემცირდა. ფრაიბურგის საოპერო თეატრში მუშაობის პარალელურად დარჩა მხოლოდ ერთი ფესტივალი, რომელსაც თანამოაზრეებთან ერთად ვატარებ , „ხელოვნების ბანაკი“, რომელიც 2017 წლიდან ყოველ წელს ტარდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ფესტივალი საქველმოქმედოა და ფინანსდება გერმანელი და შვეიცარიელი მეგობრების შემოწირულობებით. დაფინანსების მნიშვნელოვანი წყაროა საქველმოქმედო კონცერტებიც, რომლებიც რეგულარულად ტარდება შვეიცარიაში.

„ხელოვნების ბანაკის“მიზანია ბავშვებმა და ახალგაზრდებმა საკუთარი თავი უკეთ შეიცნონ, ხელოვნების ახალ სფეროებში გამოცადონ, გაიფართოვონ ხედვები და, რაც მთავარია, ისწავლონ დამოუკიდებლად აზროვნება. ჩემი აზრით, მხოლოდ დამოუკიდებლად მოაზროვნე თაობა შეძლებს საკუთარი კულტურის შენარჩუნებასა და განვითარებას.
ჩემთვის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი იყო ჩემი მენტორის, გერჰარდ ბრუნერის ფრაზა: „წარუმატებლობის არ უნდა გეშინოდეს. ძალიან ბევრ დიდ ხელოვანს განუცდია წარუმატებლობა, დღეს კი მხოლოდ მათი წარმატება გვაინტერესებს.“ ეს იყო 2008 წელი, როდესაც ციურიხის უნივერსიტეტში ვაგრძელებდი განათლებას მენეჯმენტში (Executive Master in Arts Administration). იმ დროისათვის ჩემი საქმიანობა მხოლოდ მუსიკალური სფეროთი, საშემსრულებლო და პედაგოგიკური მუშაობით შემოისაზღვრებოდა. მენტორის ამ რჩევამ კი უფრო გაბედული ნაბიჯები გადამადგმევინა.
საქართველოს კონტექსტი ყოველთვის რჩებოდა ჩემთვის მთავარ მოტივაციად. დავიწყე ქართულ-გერმანული პროექტების განხორციელება, სადაც დაბალი ბიუჯეტის გამო, ხშირად მრავალი ფუნქცია ერთდროულად მიწევდა. ცალკეული მუსიკალური პროექტები გადაიზარდა სცენურ დადგმებში, რომლებიც ხორციელდებოდა როგორც გერმანიაში, ისე საქართველოში მცხოვრებ მეგობრებთან მხატვრებთან, მუსიკოსებთან, მსახიობებთან, მოცეკვავეებთან, მწერლებთან და კომპოზიტორებთან ერთად.

2011 წელს დავაარსე ხელოვნების სააგენტო Künstlertribüne (Künstlertribüne – Agentur für Management und Vermittlung), რომელიც ჩემი პროექტების ოფიციალური პლატფორმა უნდა გამხდარიყო. 2017 წელს გადავწყვიტე პროექტების მასშტაბის გაზრდა და ქალაქ ფრაიბურგში დავაარსე ფესტივალი „ქართული კვირეული“(Georgische Woche), რომელიც მოიცავდა 15 ღონისძიებას. იმ დროისთვის ჩემი პროფესიული კონტაქტები მნიშვნელოვნად გაზრდილი იყო და ფრაიბურგის კულტურის დეპარტამენტი (Kulturamt) და სხვა გავლენიანი ორგანიზაციები ფესტივალის პარტნიორები გახდნენ. ფესტივალი სამჯერ ჩატარდა, თუმცა 2020 წელს პროექტი შევაჩერე.

მიუხედავად მრავალი სირთულისა, ეს წლები ჩემთვის უაღრესად საინტერესო და პროდუქტიული იყო. ამ გამოცდილებამ მომცა უამრავი შთაგონება, შეხვედრები, ახალი მეგობრები და დაუვიწყარი ემოციები.
ნამდვილი მუსიკოსი არის ის, ვისაც მუსიკის გარეშე ცხოვრება არც უნდა და არც შეუძლია. მუსიკა არის თვითგამოხატვა და ცხოვრების გზა, რომელიც მუდმივ შრომას მოითხოვს. იმისათვის, რომ ადამიანი ამ გზაზე წარმატებული და ბედნიერი იყოს, პირველ რიგში შინაგანი სიძლიერეა საჭირო. ეს კი შეუძლებელია ნამდვილი პასუხისმგებლობის გარეშე. და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ჩვენი აწმყო და მომავლიც ჩვენს ხელშია და პასუხისმგებლობაც ჩვენ უნდა ავიღოთ საკუთარ თავზე.

#სფიჩი #სპიჩი #ქართველიპროფესიონალებიუცხოეთში #განათლება #გამოცდდილება

◾ გელა სეხნიაშვილი -დიპლომატი,  წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, ოპერაციების ხელმძღვანელი,  ბრაზილიაში,    არგენტინა...
09/27/2025

◾ გელა სეხნიაშვილი -დიპლომატი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, ოპერაციების ხელმძღვანელი, ბრაზილიაში, არგენტინაში, ურუგვაიში, ჩილესა და პარაგვაიში

ჩემი პროფესიული ტრაექტორია ჰუმანიტარულ და დიპლომატიურ დარგებს შორის განვითარდა და საბოლოოდ მათ კვეთაზე აღმოვჩნდი. როდესაც საფრანგეთში წავედი სასწავლებლად, 2000 წელს, უკვე გადაწყვეტილი მქონდა, გამომეყენებინა ეს საერთაშორისო აკადემიური ეტაპი ტრამპლინად ლათინური ამერიკის მიმართულებით, რისთვისაც იმ დროს საქართველოში პერსპექტივები არ არსებობდა. სასწავლო ციკლების არჩევანიც ისე გავაკეთე, რომ ლათინურ ამერიკაში, ჰუმანიტარულ და განვითარების პროგრამებზე მომუშავე ორგანიზაციების ორბიტაში მოვხვედრილიყავი.

პარიზის პოლიტიკურ სწავლებათა ინსტიტუტის პოლიტიკურ და სოციალურ სწავლებათა საერთაშორისო დიპლომის შემდეგ, ლათინური ამერიკის ინსტიტუტში ვისწავლე და ჰუმანიტარული პროგრამების მართვის მაგისტრით დავასრულე, რამაც შესაძლებლობა მომცა ჯერ სტაჟიორად მემუშავა ბრაზილიასთან თანამშრომლობის პროგრამებზე, შემდეგ კი მსოფლიოს ექიმების მისიის ხელმძღვანელად წავსულიყავი პირველ მისიაში ბრაზილიაში. ამას მოჰყვა გვატემალა და, ცოტა მოულოდნელად, სირია. ახლო აღმოსავლეთი ჩემს საწყის გეგმებში არ შედიოდა, მაგრამ გამოვიყენე შესაძლებლობა და ალეპოში პოსტის შეთავაზება მივიღე, სადაც სამი წელი გავატარე, ძალიან საინტერესო კონტექსტში.

ამასობაში, ქართული დიპლომატია გააქტიურდა ლათინური ამერიკის მიმართულებით. გაიხსნა პირველი საელჩოები, შედგა მაღალი დონის ვიზიტები. საჭირო გახდა გრძელვადიანი სტრატეგიის ქონა ამ რეგიონში. სწორედ ამან განაპირობა ჩემი ინტერესი: ძალიან მინდოდა ჩემი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ამ რეგიონისა ქართული დიპლომატიის სამსახურში გამომეყენებინა. მეორე მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც სჭირდებოდა რესურსი, რომელსაც ექნებოდა ამ მისთვის ახალი რეგიონის ცოდნა. სწორედ ასე მოხდა ჩვენი ინტერესების თანხვედრა და აღმოვჩნდი საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკის დეპარტამენტში, ხოლო შემდეგ, ელჩად ბუენოს აირესში, 6 ქვეყანაში აკრედიტაციით.

6 წლის შემდეგ, სხვადასხვა მიზეზების გამო, მივიღე გადაწყვეტილება დავბრუნებულიყავი ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში, დავეთხოვე საგარეო საქმეთა სამინისტროს და დავიწყე მუშაობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში, ჟენევაში, ამერიკის მიმართულებით დიპლომატიურ მრჩევლად, ჰუმანიტარული დიპლომატიის დეპარტამენტში, რაც საინტერესო ნაზავი იყო ჩემი ჰუმანიტარული და სახელმწიფო დიპლომატიური გამოცდილებების. ორგანიზაციის შტაბბინაში ხუთ წელზე მეტი დავყავი და შემდეგ, ორი წელი ჰონდურასში, მისიის ხელმძღვანელად.

ამჟამად კი, ბრაზილიაში, ოპერაციების ხელმძღვანელის პოსტზე დავიწყე მუშაობა, რეგიონულ დელეგაციაში, რომელიც, ბრაზილიის გარდა, არგენტინას, ურუგვაის, ჩილეს და პარაგვაის ფარავს.

წითელი ჯვრის ორგანიზაციების ოჯახში სამი ტიპის ორგანიზაცია გვეხვდება: ეროვნული საზოგადოებები, ანუ 191 ქვეყნის წითელი ჯვრის და ნახევარმთვარის საზოგადოება, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაცია; წითელი ჯვრის და ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაცია, რომელიც ეროვნული საზოგადოების კოორდინატორი ორგანოა; და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, საიდანაც დაიწყო წითელი ჯვრის მოძრაობა, მისი დამაარსებლის, ანრი დუნანის მიერ მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან. დღეს წითელი ჯვრის ამ სხვადასხვა კომპონენტების კომპეტენციის არეალი განსაზღვრულია სხვადასხვა ნორმატიული აქტებით, რომელთაგანაც ბოლო სევილიის მეორე შეთანხმებაა.

კომიტეტის, ანუ ორგანიზაციის რომელშიც მე ვმუშაობ, კომპეტენციაა შეირაღებელი კონფლიქტები (საერთაშორისო და არა/საერთაშორისო) და შეიარაღებული ძალადობის მაღალი ინტენსიურობით გამოჩენილი კონტექსტები, ზოგიერთ შემთხვევაში. ყველა კონტექსტში, მიუხედავად იმისა, თუ ვის აქვს წამყვანი კომპეტენცია, წითელი ჯვრის კომპონენტი ორგანიზაციები კოორდინაციაში მოქმედებენ. გარდა ამისა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ასევე არის ჟენევის კონვენციებში კოდირებული საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, ანუ უხეშად რომ ვთქვათ, ომის წარმოების ნორმებზე და მის სისრულეში მოყვანაზე მომუშავე ორგანიზაცია.

დღევანდელ გლობალურ კონტექსტში, სადაც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები ძალიან ხშირად უგულვებელყოფილია, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჰუმანიტარული დიპლომატია, რომელიც შედარებით ახალი კონცეპტია, თუმცა მისი არსებობა არცთუ ახალია. საქმე ეხება იმ ფორმალურ, თუ არაფორმალურ დიპლომატიას, რომელიც ჰუმანიტარული პრინციპების სამსახურშია და არა რომელიმე კონკრეტული სახელმწიფოსი. ჰუმანიტარულ დიპლომატიას, მის გზავნილებს, ლეგიტიმურობას მატებს ორგანიზაციის ოპერაციები, მისი საქმიანობა და კრიტიკულ ზონებში ფიზიკური ყოფნა. ერთია, როცა მხოლოდ ლობინგზეა მიმართული ორგანიზაცია და მეორე, როდესაც მას ზურგს უმაგრებს ცხელ წერტილებში მუშაობის პრაქტიკა. სწორედ ამ ნაწილს ვკურირებდი, ამერიკის მიმართულებით ჟენევაში, სანამ ოპერაციებზე გადავერთე.

ჰუმანიტარული დიპლომატია, გარდა ორმხრივი ურთიერთობისა ქვეყნების მთავრობებთან, მაქსიმალურად იყენებს იმ მრავალმხრივ მექანიზმებს, რომლებიც საშუალებას იძლევა ჰუმანიტარული პრობლემატიკა საერთაშორისო პოლიტიკური ინტერესის ცენტრში მოაქციოს და ქვეყნების მხარდაჭერას მიაღწიოს.

დიპლომატისთვის მისი ქვეყნის ეროვნული ინტერესი არის მთავარი ორიენტირი. მას შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკური ორიენტაცია, მაგრამ ქვეყნის ინტერესი ყველაზე მაღლა უნდა დააყენოს. თუმცა, თუ დადგება კრიტიკული მომენტი, როდესაც რომელიმე მთავრობას ქვეყნის ინტერესის საწინააღმდეგოდ მიჰყავს საერთაშორისო კურსი, დიპლომატმა ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს, თავისი პროფესიული სინდისის წინაშე.

ჩემი მორიდებული რჩევა ახალგაზრდა დიპლომატებისადმი იქნება ის, რომ იყვნენ იდეალების ერთგულნი და გაიღრმავონ ცოდნა, დაინტერესდნენ მსოფლიოთი იმაზე უფრო მეტად, ვიდრე მათ უფროსები სთხოვენ. დიპლომატს ზოგადი განათლება არა მხოლოდ ქვეყნის ღირსეულად წარმოსადგენად სჭირდება, არამედ კრიტიკულ მომენტში, სიტუაციის სწორი ანალიზისთვის და სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. ასევე ეს ცოდნა ხელს შეუწყობს გადაერთოს, თუკი ამის ინტერესი ექნება, სხვა დარგებზე, თავისი ბექგრაუნდით, როგორიც შეიძლება იყოს ჰუმანიტარული დიპლომატია, ან რაიმე სხვა ტიპის საპასუხისმგებლო პოსტი რეგიონულ ან გლობალურ ორგანიზაციაში.

დიპლომატია როგორც პროფესია და ის აკადემიური გზები, რომლებიც მისთვის ამზადებს, კარს უღებს ადამიანს მსოფლიოში და თუ ამას კარგად გამოიყენებ, ძალიან საინტერესო ცხოვრებით შეიძლება იცხოვრო, ეროვნული და უნივერსალური ფასეულობების ერთგულებით.

#სფიჩი #სპიჩი #ქართველიპროფესიონალებიუცხოეთში #განათლება #გამოცდდილება

◾ ნინო უსანეთაშვილი- აშშ-ში მცხოვრები ექიმიდავიბადე და გავიზარდე თბილისში. ჩემს ოჯახში მედიცინა ყოველდღიური ცხოვრების ნა...
09/12/2025

◾ ნინო უსანეთაშვილი- აშშ-ში მცხოვრები ექიმი

დავიბადე და გავიზარდე თბილისში. ჩემს ოჯახში მედიცინა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო. დედა ექიმია და ბავშვობიდან ვხედავდი თუ რა დისციპლინას, პასუხისმგებლობასა და თანაგრძნობას მოითხოვდა ეს პროფესი. სწორედ ამ ღირებულებებით გავიზარდე და ჩამოვყალიბდი.

1997–2003 წლებში დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო სკოლა “აიეტში” ვსწავლობდი, სადაც სასწავლო პროგრამა ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა და მიზნად ისახავდა სტუდენტების მომზადებას საერთაშორისო სამედიცინო კარიერისთვის. ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო განათლების გაგრძელება ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩემი სტუდენტობის პერიოდში საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ჯერ კიდევ მძიმე მდგომარეობაში იყო. ახალგაზრდა ექიმებისთვის განვითარების შესაძლებლობები ძალიან შეზღუდული იყო და პროფესიული წინსვლისთვის ხშირად აუცილებელი ხდებოდა განათლების საზღვარგარეთ გაგრძელება. ამიტომ ინსტიტუტის დამთავრებისთანავე 2003 წელს ჩამოვედი ამერიკაში და დავიწყე რეზიდენტურის აპლიკაციის რთული პროცესი, USMLE გამოცდები, გასაუბრებები სხვადასხვა შტატში, ფინანსური სირთულეები და სრულიად ახალ გარემოსთან ადაპტაცია. ეს გზა მარტივი არ ყოფილა, თუმცა თითოეულმა ნაბიჯმა გამაძლიერა და მიზანდასახულობა კიდევ უფრო გამიმყარა.

ჩემი პროფესიული გზა ქალაქ ჩიკაგოში დაიწყო, როზალინდ ფრანკლინის უნივერსიტეტის შინაგანი მედიცინის რეზიდენტურაში, რაც გარდამტეხი ეტაპი აღმოჩნდა ჩემს კარიერაში. რეზიდენტურის დასრულების შემდეგ გადავედი შტატ NH ში, სადაც ვმუშაობდი ჰოსპიტალისტად 13 წლის განმავლობაში, ვემსახურებოდი რამდენიმე მცირე საავადმყოფოს და მოხუცთა სახლებს. სამუშაო განსაკუთრებით რთული იყო- რესურსების სიმწირე, კოლეგების ნაკლებობა და მძიმე პასუხისმგებლობა… მაგრამ სწორედ ამან მასწავლა დამოუკიდებლობა, გამბედაობა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება. იმ წლებში პროფესიულად ძალიან გავიზარდე.

შემდეგ კვლავ დავბრუნდი ჩიკაგოში, რათა ოჯახის გვერდით ვყოფილიყავი. ბოლო ხუთი წელია ვმუშაობ Lutheran General Hospital -ში ჰოსპიტალისტის პოზიციაზე. კლინიკური პრაქტიკის გარდა, აქტიურად ვმონაწილეობ რეზიდენტურის საგანმანათლებლო პროგრამაში. ვარ ფაკულტეტის წევრი, ვასწავლი ინტერნალური მედიცინის რეზიდენტებს და სამედიცინო სტუდენტებს. მომავალი თაობის ექიმების განვითარებაში წვლილის შეტანა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროფესიული კმაყოფილებაა.

მედიცინამ მასწავლა, რომ მხოლოდ ცოდნა არასდროს არის საკმარისი. კარგ ექიმს მუდმივი განვითარება მართებს, მაგრამ ასევე-პაციენტის მოსმენა, მათთან სწორი კომუნიკაცია და უსაფრთხოების შეგრძნების მიცემა. პანდემიის წლები ამის ნათელი მაგალითი იყო, როცა ყველგან შიში და გაურკვევლობა სუფევდა, პაციენტებს არა მხოლოდ მკურნალობა, არამედ თანადგომა და ადამიანური სითბოც სჭირდებოდათ. თანამედროვე შინაგანი მედიცინა მუდმივად ვითარდება, შესაძლებელია დაავადებების უფრო ადრეული პრევენცია, რთული შემთხვევების ეფექტიანი მართვა და მოვლის უკეთესი კოორდინაცია. მიუხედავად პროგრესისა, გამოწვევები კვლავ რჩება: ქრონიკული დაავადებების ზრდა, პაციენტზე მორგებული მიდგომის საჭიროება და ინოვაციის ინტეგრაცია ისე, რომ არ დაიკარგოს ადამიანური კავშირი.

ექიმის პროფესია მოითხოვს არა მხოლოდ პროფესიულ ცოდნას, არამედ ცხოვრებისეული ბალანსის დაცვასაც. პაციენტებთან სრულფასოვან ექიმად ყოფნა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა ახერხებ პირად ცხოვრებას და ოჯახსაც დაუთმო სათანადო დრო. მოგზაურობა, ფოტოგრაფია და წიგნების კითხვა ჩემთვის არა მხოლოდ ჰობია, არამედ გზა, რომ ენერგია აღვიდგინო და ემოციური burnout თავიდან ავიცილო. ეს ინტერესები მახსენებს, რომ სხვებზე ზრუნვისთვის აუცილებელია საკუთარი თავზე ზრუნვაც.

ძალიან მადლიერი ვარ ყველა იმ პროფესორ მასწავლებლის, ვინც აიეტში ცოდნა გაგვიზიარა, იმ უფროსი ექიმების, ვინც რეზიდენტურისას სწორ გზაზე დამაყენა, ასევე ჩემი დღევანდელი კოლეგების და მეგობრების, რომელთა მხარდაჭერა ჩემთვის ფასდაუდებელია.

ჩემი ქართული იდენტობა მუდამ ჩემი ნაწილია. ჩიკაგოში გვაქვს პატარა ქართული დიასპორა, სადაც ვცდილობთ შევინარჩუნოთ ტრადიციები, აღვნიშნოთ დღესასწაულები და მოვამზადოთ ქართული კერძები – ეს „პატარა საქართველო“ აქ ჩვენს შვილებსაც გადაეცემა.

მე ვამაყობ, რომ ქართველი ვარ. ქართული გამძლეობა, სიამაყე და იდენტობა დიდ როლს თამაშობს ადამიანებთან ურთიერთობისას და ჩემს თავს ვხედავ არა მხოლოდ, როგორც ამერიკაში მოქმედ ექიმს, არამედ როგორც ადამიანს, რომელიც წარმოადგენს საქართველოს და ქართულ პოტენციალს.

ახალ თაობას მინდა ვუთხრა: გასავლელი გზა მარტივი არ არის. ეს მოითხოვს შრომას, მიზანდასახულობას და საკუთარი საქმის სიყვარულს. მაგრამ თუ თქვენი მიზნები ნათელია და საკუთარ თავს არ უღალატებთ, მიუღწეველი არაფერია. გახსოვდეთ – ყოველთვის არსებობენ ადამიანები, ვინც ეს გზა უკვე გაიარეს და გამოცდილებას სიხარულით გაგიზიარებენ.

"The future belongs to those who believe in the beauty of their dreams."

#სფიჩი #სპიჩი #ქართველიპროფესიონალებიუცხოეთში #განათლება #გამოცდდილება

◾ გაიანე კედია-ავსტრიაში მცხოვრები ფსიქოლოგი და ნეირომეცნიერიჩემი ბებია და ბაბუა საქართველოდან  ემიგრაციაში 1921 წელს  წ...
08/23/2025

◾ გაიანე კედია-ავსტრიაში მცხოვრები ფსიქოლოგი და ნეირომეცნიერი

ჩემი ბებია და ბაბუა საქართველოდან ემიგრაციაში 1921 წელს წავიდნენ. მაშინ ისინი 20 წლისები იყვნენ და იძულებული გახდნენ, გაქცეოდნენ ბოლშევიკებს, რომლებმაც ქვეყანა დაიპყრეს. ისინი დანიშნულები იყვნენ და ქორწინება ქართულ მიწაზე სურდათ. ვიდრე სტამბულისკენ გაემგზავრებოდნენ, ბათუმში მოძებნეს მღვდელი, რომელმაც იქვე დააქორწინა. მათი გზა გერმანიაში, ჰაიდელბერგში გაგრძელდა, შემდეგ კი პარიზში დასახლდნენ, სადაც დაიბადა ჩემი მამა. ბაბუა არასოდეს მყავს ნანახი, რადგან ის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მალე გარდაიცვალა. მაგრამ ბავშვობაში ბებიისგან ხშირად ვისმენდი ისტორიებს საქართველოზე. მისთვის საქართველო დაკარგული სამოთხე იყო.

დოქტურანტურის შემდეგ აკადემიურმა გზამ ჯერ დიდ ბრიტანეთში, შემდეგ გერმანიაში და ბოლოს ავსტრიაში წამიყვანა. პროფესიით ფსიქოლოგიისა და ნეირომეცნიერების მკვლევარი ვარ, აგრეთვე სამეცნიერო მრჩეველი. ამჟამად ვცხოვრობ და ვმუშაობ ავსტრიაში, გრაცის უნივერსიტეტში, როგორც მკვლევარი და ლექტორი.

ტვინისა და გონების საიდუმლოებებმა ჩემი გონება 14 წლის ასაკში მოიცვა. ყოველთვის მჯეროდა, რომ ადამიანის ტვინი და გონება ბევრად მეტ შესაძლებლობას ფლობს, ვიდრე ჩვენ ყოველდღიურად ვაცნობიერებთ. თავდაპირველად მედიცინის სწავლა მინდოდა, რათა ფსიქიატრი გავმხდარიყავი, მაგრამ ვერ ჩავაბარე. ამიტომ ბიოლოგიით დავინტერესდი, ნეირომეცნიერებასა და ფსიქოლოგიაზე დავიწყე ფოკუსირება, რამაც კვლევით კარიერამდე მიმიყვანა.
ჩემი კვლევის მიზანია იმის გაგება, თუ როგორ შეუძლიათ ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს დაგვეხმარონ საკუთარი თავის გაუმჯობესებასა და მიზნების მიღწევაში. განსაკუთრებით მაინტერესებს თვითკონტროლი — როგორ შევინარჩუნოთ ფოკუსი და მოვერიდოთ ცდუნებებს, რომ ჩვენი გრძელვადიანი მიზნები არ დავკარგოთ თვალთახედვიდან. ჩვენი კვლევები აჩვენებს, რომ როლური მოდელები შთაგონების შესანიშნავი წყაროა და ხელს უწყობს წინააღმდეგობების გადალახვას. ანუ, ადამიანები, ვისთანაც ურთიერთობა გვაქვს, პირისპირ თუ ონლაინ, მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ჩვენს წარმატებაზე.

მრავალ აკადემიურ კულტურაში მუშაობამ მნიშვნელოვნად გაამდიდრა ჩემი კვლევითი მიდგომა და გამაცნო განსხვავებული მეთოდები და პერსპექტივები. ჩემს მენტორებს, რომლებიც ჭკვიანები და წარმატებულები იყვნენ, დიდი გავლენა ჰქონდათ ჩემზე. ხშირად, როცა გადაწყვეტილების მიღებისას ვორჭოფობ, ვფიქრობ – რას მირჩევდნენ ისინი?

კვლევის დროს აუცილებელია დაისვას კითხვა, რატომ ვაკეთებთ ამას და კონკრეტულად რომელ პრობლემას ვუთმობთ ყურადღებას. წარმატებული კვლევა ეხება აქტუალურ და მნიშვნელოვან თემებს. ვთვლი, რომ საკმარისი დრო უნდა დავუთმოთ ჩვენი წვლილის გააზრებას და დაფიქრებულად მივუდგეთ საქმეს, ეს პრინციპი ცხოვრებაში ყველა სფეროს ეხება.

კვლევისთვის დაფინანსება გადამწყვეტია; ეს საშუალებას გაძლევს უფრო საინტერესო თემებზე იმუშავო და უფრო სწრაფად. როცა ავსტრიაში გადავედი, ჩემი ერთ-ერთი პირველი ამოცანა იყო გრანტის მოთხოვნის გაგზავნა ავსტრიის სამეცნიერო ფონდისთვის. ვიცოდი, რომ კონკურსი მაღალი იქნებოდა. პირველად განაცხადი უარყოფილი იქნა, თუმცა კარგი შეფასებები მივიღე. შემდეგი სამი მცდელობაც უარყოფილი იყო, თანდათანობით დაბალი ქულებით. იმ დროს სერიოზულად ვიფიქრე კვლევის მიტოვებაზე. თუმცა, ერთ-ერთი ბოლო ძალისხმევით, კიდევ ერთხელ ვცადე და გაუთვალისწინებლად მივიღე დაფინანსება. ამ გამოცდილებამ მასწავლა, რომ წინასწარ ვერასდროს ვიტყვით, როდის დაგვიფასდება შრომა , მაგრამ გამძლეობა გადამწყვეტია.

დოქტორანტურისა და პოსტდოქტორალური კვლევის დროს ხშირად ვაწყდებოდი საქმის გადადების პრობლემას, განსაკუთრებით სტატიის წერასთან დაკავშირებით. ასეთ მომენტებში Lifestyle ბლოგებს ვკითხულობდი, რომლებიც შთაგონებას მაძლევდნენ. ონლაინ სივრცეში სპეციალურად მეცნიერთათვის განკუთვნილი ბლოგის ძებნა დავიწყე, რომელიც მეცნიერული წერისა და პროდუქტიულობის სირთულეებს შემიმსუბუქებდა, მაგრამ ვერ ვიპოვე, ამიტომ გადავწყვიტე თავად შემექმნა ბლოგი. ასე გაჩნდა - A Brilliant Mind. https://abrilliantmind.blog/

ახლახანს სამეცნიერო წერის შესახებ პროგრამა დავამთავრე, რის შესახებაც ინფორმაცია ჩემს ბლოგზეა განთავსებული. ეს კურსი აერთიანებს იმ მეთოდს, რომელიც წლების განმავლობაში შევიმუშავე. ის აჯამებს სამეცნიერო სტატიის წერის პროცესს მარტივად გასაგებ ფორმატში. მსურს ეს კურსი გავაცნო, როგორც ინდივიდუალურ მეცნიერებს, ასევე უნივერსიტეტებს. https://abrilliantmind.getlearnworlds.com

ვიმედოვნებ, რომ მომავალში აკადემიური საზოგადოება მეტ მნიშვნელობას მიანიჭებს ხარისხს, ვიდრე რაოდენობას და ფოკუსირდება სამეცნიერო სფეროში რეალური წვლილის შეტანაზე.რაც შეეხება ჩემი ცხოვრები წესს-ყოველ დილას ვვარჯიშობ, ცივ შხაპს ვიღებ და ვმედიტირებ. ბევრს დავდივარ ფეხით, ველოსიპედით მივდივარ სამსახურში, ვიკვებები ჯანსაღად, კარგად მძინავს და დიდ დროს ვატარებ იმ ადამიანებთან, ვინც მაძლიერებს.

ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მენტალური კეთილდღეობის საფუძველია: საჭიროა კარგად იძინოთ, ივარჯიშოთ და მედიტაცია დაგეხმარებათ სტრესის მართვასა და კონცენტრაციის ამაღლებაში.

ეს სფეროები უსასრულოდ საინტერესოა და ბევრ სასარგებლო ცოდნას მოგცემთ საკუთარ თავზე და სხვებზე. აუცილებლად სცადეთ!

#სფიჩი #სპიჩი #ქართველიპროფესიონალებიუცხოეთში #განათლება #გამოცდდილება

Address

New York, NY

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Speech • სფიჩი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Speech • სფიჩი:

Share

Category

Speech • სფიჩი არის ძალა და წარმატების ტრიბუნა

ჩვენ წარმოგიდგენთ, ემიგრაციაში, ხელოვნებასა და მეცნიერებაში გამორჩეულ ადამიანებს და მათ მიღწევებს. გაცნობთ ისტორიულ და თანამედროვე მოვლენებს.